“მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, ბატონო გაერთიანებული შტაბის უფროსი, ოფიცრებო, სერჟანტებო, რიგითებო და ძვირფასო სტუმრებო. დიდი პატივია დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა. პატივია მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სტუმრობა, თქვენი ღვაწლი სამშობლოს, გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის საქმეში ფასდაუდებელია.
მე–4 მექანიზირებული ბრიგადა სამართალმემკვიდრეა პირველი ოპერატიული პოკისა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე შეიქმნა. ამ შენაერთს უდიდესი საბრძოლო გამოცდილება აქვს. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან თქვენ ერთგულად იდექით და დგახართ სამშობლოს უსაფრთხოების სადარაჯოზე. ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ გლობალური უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის- აისაფის მისიაში, ავღანეთში.
საქართველოს მოქალაქეთა სახელით მადლობას გიხდით ქვეყნის უსაფრთხოებისა და ერთიანობის მსახურებისთვის. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. ჩვენს ხალხს სძინავს მშვიდად იმიტომ, რომ თქვენ მწყობრში დგახართ. თქვენი სიძლიერე, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი უსაფრთხოების უმთავრესი გარანტიაა. თქვენი მხედრული მიღწევები, რომელსაც აღვნიშნავთ დღეს, ჩვენი ხალხისთვის საამაყოა. მადლობა სამსახურისთვის. თქვენთან ერთად მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მეგობარ ქვეყნებს. მათი მხარდაჭერა ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის განვითარებაში ფასდაუდებელია. ვაცხადებთ რა ნებისმიერი პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას ქვეყნის უცვლელ კურსად. ჩვენ მოვალენი ვართ, ჩვენ მუდმივად მოვალენი ვართ ვიზრუნოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს მიზანია მიაღწიოს შეიარაღებული ძალების ისეთ დონეს, რომელიც ბრძოლის სურვილს დაუკარგავს მოწინააღმდეგეს.
მარგველაშვილის შემდეგ ჯარისკაცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამაც მიმართა:
“მე მინდა დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი პირველად ეწვია შეიარაღებულ ძალებს, მოგილოცოთ ის დიდი მიღწევები, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში მიაღწიეთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მე მინდა ქედი მოვიხარო მე–4 ბრიგადის იმ ჯარისკაცების წინაშე, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს ჩვენი მომავლის უზრუნველყოფისთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი ოჯახების მოვლა, მათი სახელის პატივისცემა იქნება ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე მთავარი მოვალეობა. მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ იქნება მთავარი გარანტი ჩვენი უწყების, შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციის და თქვენთან ერთად, ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რომ გვერდში დაუდგეს შეიარაღებული ძალების განვითარებას. მე მინდა გისურვოთ თქვენ, ბატონო ოფიცრებო, სერჟანტებო, ბატონო ჯარისკაცებო, რომ გავაგრძელოთ ისეთივე სულიერი სიმხნევით, სიმტკიცით ჩვენი ქვეყნის სამსახური, როგორც აქამდე აკეთებდით”, – განაცხადა ალასანიამ.