ახალი ამბებიკომენტარი

საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა EU-სთვის მთავარი პოლიტიკური თემა არ გახდება – ბარბარა კუნცი

2 მაისი, 2018 • 2706
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა EU-სთვის მთავარი პოლიტიკური თემა არ გახდება – ბარბარა კუნცი

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ გერმანიის ერთ-ერთმა მიწამ, რაინვესტფალიამ პრეტენზიები გამოხატა არალეგალური მიგრაციისა და კრიმინალის გამო, რომელიც საქართველოს უკავშირდება. რამდენად შესაძლებელია ეს სკეპტიციზმი ევროკავშირის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს? ამ საკითხებზე ნეტგაზეთი საერთაშორისო ურთიერთობების ფრანგული ინსტიტუტის მკვლევარს, ბარბარა კუნცს ესაუბრა, რომელიც საქართველოში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში ჩამოვიდა.

როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია, რაინვესტფალიიდან წამოსული ეს განცხადებები რეალურ საფრთხედ იქცეს საქართველოსთვის, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედეს?

ვფიქრობ, რომ გერმანიაში ეს საკითხები – უცხოელების, იმიგრაციის, კრიმინალის- პოლიტიკურად ძალიან სენსიტიურია, რადგან ბოლო არჩევნების შემდეგ რადიკალი მემარჯვენეები გაძლიერებული არიან. ასევე არსებობს მიმდინარე კონტექსტიც, რომელიც რეგიონულ არჩევნებს უკავშირდება ბავარიაში. ჩვენ ვხედავთ ძალიან ძლიერი რადიკალური მემარჯვენე დისკურსის გაძლიერების ტენდენციას კონსერვატიული პარტიების მიერ. საერთო ჯამში, ეს პოლიტიკური კონტექსტია, რომელიც მთლიანობაში უნდა დავინახოთ.

გერმანიის პოლიტიკური კონტექსტი გასაგებია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ ამან გავლენა იქონიოს სხვა ქვეყნებზე და გერმანიიდან წამოსული უკამყოფილება საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე გახდეს?

ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე პასუხის გაცემა. ზოგადად, ევროპაში დებატები ძალიან ბევრი საკითხის გარშემო მიმდინარეობს, ამიტომ, ეს საკითხი ევროკავშირის პერსპექტივიდან რომ დავინახოთ, შეიძლება დღის წესრიგის მთავარი საკითხი არც იყოს, რაც საქართველოსთვის თავისთავად კარგი ამბავია. მეც ვფიქრობ, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა არ გახდება მთავრი პოლიტიკური თემა.

მას შემდეგ რაც გერმანიიდან უკმაყოფილების ტალღა წამოვიდა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო გეგმაზე მუშაობა, რომელიც მისი აზრით, არსებულ გამოწვევებს მოაგვარებდა, მათ შორისაა გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გართულება და ა.შ. კიდევ რა შეიძლება რომ გაკეთდეს?

ვფიქრობ, რომ მთავარი მესიჯი, რომელიც  ბერლინიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან მოდის, არის ის, რომ საქართველოს მთავრობას რეალურად აქვს თანამშრომლობის და საკითხის გადაწყვეტის სურვილი.  ექსპერტი არ ვარ, რომ ეს ზომები შევაფასო, მაგრამ როგორც მინიმუმ პოლიტიკურად ეს დანახულია, როგორც კარგი ნაბიჯი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მუდმივად უნდა გვახსოვდეს პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ახლა ძალიან რთულია გერმანიაში. ეს გზავნილები ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, რომ გერმანიამ უნდა გააკეთოს მკაცრი განცხადებები მისი აუდიტორიისთვის.

უკვე ახსენით სიტუაცია და მასზე გერმანიის პოლიტიკური კონტექსტის გავლენა, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, რომ რუსეთის ფაქტორიც შეიძლება არსებობდეს, ან როგორც მინიმუმ, როგორ შეიძლება რუსეთმა შექმნილი ვითარებით ისარგებლოს?

რუსეთს შეუძლია ნებისმიერი რამ გააკეთოს ამ განცხადებებით ან მედიაში გავრცელებული ცნობებით, არ ვიცი. გერმანიაში იმხელა სკეპტიციზმი არსებობს მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან ფართო გაგებით, რომ არ ვფიქრობ, რომ ამაში რუსეთის ფაქტორია, ეს უფრო მიგრაციის კრიზისის შედეგია. ცხადია, ამ ვითარებით რუსეთს შეუძლია ისარგებლოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ქმნის ამ სიტუაციას. ვფიქრობ, რომ გერმანიის უკმაყოფილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რადიკალური მემარჯვენე განწყობების გაძლიერების შედეგია. ეს, ცხადია, სასარგებლო ვითარებაა რუსეთისთვის, რომ მეტი ხმა ჰქონდეს ამ განწყობებს და გერმანიის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაცია იოლი იყოს. სამწუხაროდ, ეს კარგი ვითარებაა მოსკოვისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი