ახალი ამბები

შესაძლოა, მეტროს მემანქანეთა გაფიცვას სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ

1 მაისი, 2018 • 2998
შესაძლოა, მეტროს მემანქანეთა გაფიცვას სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ

თბილისის მეტროპოლიტენში მოქმედი პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის მემანქანეთა გაფიცვას, რომელიც 3 მაისსაა დაანონსებული, შესაძლოა, მეტროს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის მეტროში მოქმედი მეორე პროფესიული კავშირის, “თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშრების” გამგეობის წევრმა, მაია შავიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროფკავშირის წარმომადგენლები ამ დრომდე მოლაპარაკების გზას ამჯობინებდნენ და ამისთვის ამჟამადაც მზად არიან, თუმცა აღნიშნულმა შედეგი არ გამოიღო. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, კოლეგების მსგავსად, მათ რადიკალურ ღონისძიებებს მიმართონ.

“სამწუხაროდ, დღემდე დიალოგის გზით ვერაფერი მივიღეთ. მერია და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ არ არიან მზად, გადახედონ მეტროპოლიტენში დასაქმებულთა სახელფასო ანაზღაურებას. როგორც თავად ამბობენ, ჩვენთან დიალოგი არ შეუწყვეტიათ, თუმცა მისი გაგრძელება ვერ ხერხდება “ერთობა 2013″-ის მიერ დაანონსებული ქმედებების გამო. თუ უახლოეს დღეებში, ვიტყოდი, უახლოეს წუთებში, კომპანიის ხელმძღვანელობა არ მიიღებს ქმედით გადაწყვეტილებებს, გავხდებით იძულებული, გამოვიყენოთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და გადავიდეთ რადიკალურ ქმედებებზე. არ გამოვრიცხავთ გაფიცვას”, – აღნიშნა მაია შავიშვილმა.

“თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფკავშრების” მოთხოვნა, “ერთობა 2013”-ის მსგავსად, ხელფასების მომატებაა. მაია შავიშვილის თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკებებს 2017 წლის ნოემბრიდან აწარმოებენ, თუმცა ამ დრომდე პროცესის შედეგი არსად ჩანს:

“ჩვენი პროფკავშირის უპირველესი მოთხოვნა არის ხელფასების მატება, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბერს საანგარიშო საარჩევნო ყრილობაზე დავაყენეთ. 15 დეკემბერს კი შევხვდით სატრანსპორტო კომპანიის ახლად დანიშნულ დირექტორსაც. აქედან იწყება მოლკაპარაკების ათვლა. ამის პარალელურად მემანქანეთა ალტერნატიულმა პროფკავშირმა, ასევე ხელფასების მატების მოთხოვნით, აირჩია სხვა გზა, გადავიდნენ საგაფიცვო რეჟიმში. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. მაგრამ უბრალოდ ვეცადეთ, ბოლომდე ამოგვეწურა კონსტრუქციული დიალოგის რესურსი”.

მაია შავიშვილის განცხადებით, პროფკავშირი თბილისის მერიაში წერილს შეიტანს, რომლითაც სატრანსპორტო კომპანიასთან შუამდგომლობას სთხოვს. მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება კახა კალაძის განცხადება, რომ მეტროში პროტესტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს.

მეტროში მოქმედი ალტერნატიული პროფესიული კავშირის, “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლებმა გაფიცვა 3 მაისისთვის დააანონსეს. გაერთიანების წევრები, რომელთა უმრავლესობა მემანქანეები არიან, ხელფასების 45%-ით მომატებას ითხოვენ. მათი თქმით, სახელფასო ანაზღაურება მემანქანეებს 2013 წლის შემდეგ არ გაზრდიათ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, რომელიც პროფკავშირთან რამდენიმე შეხვედრას ესწრებოდა, ხელფასების მატება არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხდება. მისივე განცხადებით, მეტროპოლიტენში პროტესტი მხოლოს რამდენიმე ადამიანს აქვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი