ამსტერდამში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვდნენ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავი 2–მა 28 აპრილს გაავრცელა. “ნეტგაზეთმა” შეცდომით დაწერა, რომ შეხვედრის მონაწილეებს შორის იყო პარტია “ჩვენები – სახალხო პარტიის” ლიდერი მამუკა გიორგაძეც, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, სააკაშვილთან მათი შეხვედრის მიზანი ერთიანი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბებაა, რომლითაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შეცვლიან. როგორც ისინი ამბობენ, მათ კონსულტაციები აქვთ სხვა პარტიებთანაც და კოალიციის საბოლოო ფორმირებამდე კიდევ რამდენიმე შეხვედრა შედგება.
პარტიებსა და მათ წარმომადგენლებს შორის, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას დაესწრნენ, არიან: მამუკა გამყრელიძე – “ახალი ერთობა საქართველოსთვის” ; შოთა მალაშხია – “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”; ზურაბ ხარატიშვილი – “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”; ნიკა მელია – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; ბაჩუკი ქარდავა – “ეროვნულ დემოკრატიული პარტია”; პაატა დავითაია – “საქართველოს ევროპელი დემოკრატები”; ნიკა მაჭუტაძე – „სახელმწიფო ხალხისთვის“; პაატა მანჯგალაძე – “ერთობა – ახალი საქართველო”.