ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიიღო.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ინვესტორებისთვის სრულად ნაპატიები თანხის ოდენობა 2 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს. მისი თქმით, ეს ინვესტიციების წახალისების მიზნით კეთდება.
ქუმსიშვილის განმარტებითვე, კომისია თვეში ერთხელ იკრიბება და უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის სხდომაზე ინვესტორებისათვის დამატებით 4,6 მილიონი ლარის პირგასამტეხლოს პატიების საკითხი განიხილება. იგი იმედოვნებს, რომ მთავრობა ამ საკითხს მხარს დაუჭერს.
“ასევე არიან კომპანიები, რომლებსაც ჯარიმები პირობით ვაპატიეთ, რათა მათ საქმიანობა განაახლონ. აქ საუბარია ძალიან ბევრ მილიონზე. პირობით ნაპატიებია 10 მილიონ ლარზე მეტი, რაც ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ინვესტორებმა საქმიანობა განაახლონ და ახალ შეთანხმებებს მივაღწიოთ”, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა“
“ნეტაგზეთის” ინფორმააციით, შეუსრულებელი ვალდებულებებისათვის ჯარიმები ეპატია საქართველოს ვიცე პრემიერის “კალა კაპიტალს”.
“კალა კაპიტალის” ყველაზე მასშტაბური პროექტია “არსენალი”, რომელიც 10 წელიწადში სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს 80 ჰექტარზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისთვის “კალა კაპიტალი” 1,5 ამერიკულ დოლარის ინვესტიციის მოიზიდვას გეგმავდა. „კალა კაპიტალსა” და სახელმწიფოს შორის გაფორდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, „კალა კაპიტალს” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწის ნაკვეთის ღირებულება, 38,02 მლნ აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.
ეკონომიკური განვითრების სამინისტრო „კალა კაპიტალს“ კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა. კომპანიამ მიწის ნაკვეთის ღირებულების მხოლოდ ნაწილი – 18,01 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა და დაარღვია ხელშეკრულებით გაწერილი გრაფიკი, რომლის მიხედვით, თანხა 2008 წლის დეკემბრამდე სრულად უნდა დაეფარა. 2008 წლის ომის გამო კალაძემ თანხის გადახდის გადავადება ითხოვა, თუმცა ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ეს თხოვნა არ გაითვალისწინა და “კალა კაპიტალს” საჯარიმო სანქციები დაეკისრა, რის შემდეგაც კალაძის კომპანიისა და ეკონომიკის სამინიტროს კონტრაქტის სამართლებრივ საკითხს იუსტიციის სამინისტრო სწავლობდა.
ამ დროისათვის ვიცე–პრემიერი კახი კალაძე პროექტიდან გასულია. ამის შესახებ მან მედიასთან საუბარში 2012 წლის ოქტმბერში განაცხადა.
სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საქართველოს მთავრობის 28 მარტის დადგენილებით შეიქმნა.
კომისია მხოლოდ იმ საქმეებს განიხილავს, სადაც, სულ მცირე, 100 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოა საპატიებელი და ასევე გადასავადებელია 1 წელზე მეტი ვადით საინვესტიციო ვალდებულება.
კომისიის წევრები რეგულარულად, თვეში ერთხელ იკრიბებიან. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისათვის 50-ზე მეტი კომპანიის საქმეა განხილული. ეს პროცესი გრძელდება.