მურთაზ ზოდელავას “იმედის” დარბევის საქმეზე მთავარ პროკურატურაში კითხავენ

ნაციონალური მოძრაობის წევრს და ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმეზე მოწმის სახით საქართველოს მთავარ პროკურატურაში კითხავენ. ის საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას სამეგრელოში მის პარტიულ აქტივობას უკავშირებს.

მურთაზ ზოდელავა

“ჩვენ გავაქტიურდით სამეგრელოში და ვსაუბრობთ კონკრეტულ კორუფციულ თემებზე. ვსაუბრობთ ტენდერებზე, რომლებიც შეიჭამა; ვსაუბრობთ სოციალურ თემატიკაზე და იმაზე, რომ ბიძინას ხეების თრევას ემსახურება ყველა მუნიციპალიტეტი სამეგრელოში.

სამეგრელოში არის უმძიმესი ვითარება. სამეგრელო ჩაეფლო ტოტალურ კორუფციაში და მას ჯიჯგნიან ივანიშვილის მიერ დასმული კონკრეტული კლანები. უწყებაში წერია სამი სიტყვა, რომ ვარ დაბარებული ამა და ამ გამომძიებელთან. ეს უწყება გავასაჯაროვე. იქ არის მითითება, რომ ეს რაღაც დოზით ეხება ტელეიმედის საქმეს,” – ამბობს ზოდელავა.

ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, გამოკითხვაზე დაბარება პოლიტიკურია, რადგან გამოძიებას არცერთი ახალი მტკიცებულება არ მოუპოვებია, ხოლო “იმედის” დარბევის საქმეზე მურთაზ ზოდელავას სახელი ნახსენებიც არ არის.

25 აპრილს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” 2007 წლის 7 ნოემბერს უკანონოდ შეჭრისა და დარბევის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (ს.ო.დ.) ყოფილი დირექტორი ერეკლე კოდუა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ერეკლე კოდუა “იმედის” დარბევის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.