ახალი ამბები

უგულავას სახლი არ აქვს, ჭიჭინაძე კი ექვს სახლს ფლობს-კანდიდატების დეკლარაციები

27 აპრილი, 2018 • 3557
უგულავას სახლი არ აქვს, ჭიჭინაძე კი ექვს სახლს ფლობს-კანდიდატების დეკლარაციები

რა ქონებას ფლობენ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატები, რომლებიც 28 აპრილს დაგეგმილ შუალედური არჩევენებში მონაწილეობენ?


მაჟორიტაროების კანდიდატებს ქონების დეკლარირებას კანონი ავალდებულებს. “ნეტგაზეთმა”   “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, გიგი უგულავას და გივი ჭიჭინაძის არჩევნების წინ შევსებული დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროდან გამოითხოვა.

გიგი უგულავა

2018 წლის 6 აპრილს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, “ევროპული საქართველოს”  კანდიდატი, თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა არ ფლობს არანაირ უძრავ და მოძრავ ქონებას, არ აქვს ფასიანი ქაღალდები, რომელთა რაოდენობა 20 000 ლარს აღემატება. დეკლარაციის მიხედვით, უგულავას ანაზღაურებადი სამუშაო არ შეუსრულებია.

2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, უგულავას საბანკო ანგარიშზე აქვს 361 აშშ დოლარი და  90 000 აშშ დოლარი ნაღდი ფული.

წინა დეკლარაცია გიგი უგულავამ 2014 წელს შეავსო, როგორც თბილისის ყოფიმა მერმა. უძრავ/მოძრავ  ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, უგულავა არც მაშინ ფლობდა.

2014 წლის დეკლარაციით,  უგულავას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 4500 ლარი, ამასთანავე, ამავე წელს მან სესხის სახით აიღო 150 ათასი ლარი ორი წლით საცხოვრებლის დასაქირავებლად [48-თვიანი სესხი, 150 000 ლარის ოდენობით,  წლიური 10%–ის სარგებლით, რომელზეც მითითებული აქვს, რომ არ არის რეგისტრირებული რომელიმე სახელმწიფო ორგანოში);

ამავე წელს შევსებული დეკლარაციით, გიგი უგულავამ 2013 წელს მერის თანამდებობაზე ანაზღაურების სახით მიიღო 76694 ლარი.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს და 2017 წლის იანვარში გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

გივი ჭიჭინაძე

2018 წლის 26 მარტს შევსებული დეკლარაციაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს მხოლოდ უძრავი ქონება აქვს მითითებული. სხვა გრაფები, რომლებიც შეეხება მის ანაზღაურებას, საქმიან ქაღალდებს ან მოძრავ ქონებას, ცარიელია. მისი უძრავი ქონების ჩამონათვალი დეკლარაციის მიხედვით:

[checklist]

  • ბინა ვაჟა–ფშაველას გამზირზე – 57 მ2 [მემკვიდრეობა]
  • ბინა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე – 150 მ2 [ჩუქება, 2012]
  • აბასთუმანში მიწა 227 მ2 და სახლი 30 მ2- [ნასყიდობა, 2016, 500 ლარი]
  • სახლი სოფელ თლუღში – 160 მ2 (50%) [ნასყიდობა, 1998, 1500USD]
  • ბინა ვაჟა–ფშაველას გამზირზე – 54 მ2 [ნასყიდობა, 1999, 10000GEL]
  • ბინა ვაჟა–ფშაველას გამზირზე – 30 მ2  [ჩუქება, 2002]

[/checklist]

25 აპრილს გივი ჭიჭინაძემ კიდევ ერთი ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა, ამჯერად როგორც ყოფილმა თანამდეობის პირმა, რადგანაც  “ოცნების” მიერ მის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებამდე ის რწმუნებულ-გუბერნატორი იყო [ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტები და ქალაქი ქუთაისი]. ამ დეკლარაციაშიც ანალოგიურადაა  ასახული უძრავი ქონება.

ასევე ვიგებთ, რომ 2017 წელს გუბერნატორის თანამდებობაზე ანაზრაურების სახით 70800 ლარი მიიღო.

გიგი უგულავა და გივი ჭიჭინაძე მაჟორიტარობის კანდიდატები არიან  #54 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. 28 აპრილის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები სწორედ ამ მაჟორიტარულ ოლქში იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი