ახალი ამბები

აჭარის ტელევიზიის ბორდის ორ წევრს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

14 ნოემბერი, 2013 • 1102
აჭარის ტელევიზიის ბორდის ორ წევრს სასამართლომ უფლებამოსილება შეუჩერა

სასამართლომ გადაწყვეტილება ბეჟან გობაძის საჩივრის საფუძველზე მიიღო, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას ითხოვს.

ბეჟან გობაძე “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს წევრად ირაკლი დარცმელიძესთან ერთად უმაღლეს საბჭოში ნაციონალურმა მოძრაობამ წარადგინა. თუმცა „ქართულმა ოცნებამ“  უმცირესობის კვოტები მიითვისა და ბორდი მთლიანად თავისი კადრებით დააკომპლექტა.

„სასამართლომ შეუჩერა უფლებამოსილება საბჭოს ორ წევრს – ვახტანგ ღლონტსა და ოლღა ჟღენტს, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული  დადგენილებების შესახებ,“ – განუცხადა ბათუმელებს საიას ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ. ბეჟან გობაძის ინტერესებს სასამართლოში სწორედ საია იცავს.

უმაღლესმა საბჭომ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ტელევიზიის ბორდის ორი წევრი,  ვახტანგ ღლონტი და ოლღა ჟღენტი 5 ნოემბერს დაამტკიცა. მანამდე დამტკიცებული სამი წევრიც უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი. უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად მრჩეველთა საბჭოში მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მოხვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან უმაღლეს საბჭოში ბორდის წევრობის კანდიდატად, ბეჟან გობაძე და ირაკლი დარცმელიძე იყვნენ წარდგენილნი. კანდიდატებმა უმაღლესი საბჭოს უმცირესობის 8 ხმა მიიღეს.

უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რის შედეგადაც  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბორდში მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოხვდნენ, გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

გუშინ განცხადება გააკეთა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო–ს წარმომადგენელმა, დუნია მიატოვიჩმა.

„შეშფოთებული ვარ, თუ როგორ ჩატარდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები 5 ნოემბერს. ეს სამწუხარო გადაწყვეტილებაა, რომელიც კანონის უზენაესობისთვის გამოწვევაა და სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეუხებლობას უქმნის საფრთხეს,“ – განაცხადა  დუნია მიატოვიჩმა.

ახლადარჩეულმა ბორდმა  პირველი სხდომა უკვე გამართა. 12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ოთხი ხმით ერთის წინააღმდეგ ზაზა ხალვაში აირჩიეს, ხოლო მოადგილედ, ხუთი ხმით, ოლღა ჟღენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი