ახალი ამბები

საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის

26 აპრილი, 2018 • 1734
საუდის არაბეთის სამეფო თბილისში საელჩოს გახსნის

საუდის არაბეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას მიერ საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ დასკვნით შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს საელჩოს გახსნის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარების სურვილიდან გამომდინარე, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018 წლის მაისში აპირებს სამეფოს საელჩოს გახსნას საქართველოში, დედაქალაქ თბილისში,”- აღნიშნულია საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ნოტაში.

“აღსანიშნავია, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საუდის არაბეთის სამეფოსთან თანამშრომლობის გააქტიურებას. ამ მიზნით 2015 წლის იანვარში საუდის არაბეთში, ქ. რიადში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის- პოლიტიკურ, სამხედრო, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში”, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.

უწყების ინფორმაციით, საქართველო და საუდის არაბეთი აქტიურად თანამშრომლობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში, ასევე მჭიდროა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი