უნდა მიიღოს თუ არა საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი ‘რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის’ თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის თბილელ მიტროპოლიტს, რელიგიათმცოდნეს, მალხაზ სონღულაშვილს ესაუბრა
უნდა მიიღოს თუ არა პარლამენტმა კანონპროექტი რელიგიური გრძნობების დაცვისთვის?
“ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუ ამას პარლამენტი მხარს დაუჭერს. იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება. ეს შუა საუკუნეების ობსკურანტიზმის აფირმაციაა. განსაკუთრებით, რელიგიური პერსპექტივიდან, მონოთეისტური რელიგიების – ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, პერსპექტივიდან წარმოუდგენელია.
ქრისტიანული სარწმუნოების დამფუნებელი იესო ქრისტე რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო გააკრეს ჯვარს, მუჰამედი მთელი ცხოვრება იდევნებოდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო, იუდაიზმის წიაღში უამრავი დიდი რაბი აწამეს, მოკლეს, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო.
მონოთეისტური ოჯახის რელიგიებისთვის აზრი, რომ 21–ე საუკუნეში შეიძლება დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტმა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, სრულიად დაუჯერებელია. საქართველო თანამედროვე სახელმწიფოა, ასეთი შუასაუკუნეობრივი კანონმდებლობის მიღება იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი კანონმდებლობისათვის.
ძალიან მწყინს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე მესამედ ამ აბსურდზეა ლაპარაკი. ეს წინააღმდეგობაში მოდის სიტყვის თავისუფლების პრინციპთან, ადამიანის თავისუფლების პრინციპთან. ჩვენ ევროპისკენ გვიჭირავს თვალი, ვეროპის ყველაზე სამარცხვინო ეტაპები დაკავშირებული არის ადამიანების დევნასთან და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო გახდნენ მსხვერპლი ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი.
იდეა, რომ ადამიანმა შეურაცხყოფა არ მიაყენოს სხვა ადამიანს, საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის თითქოს მიმზიდველად გამოიყურება. ვინ არის ამისი მოწინააღმდეგე? მაგრამ კანონმდებლობა, რომელზეცაა საუბარი, იქცა საშინელ ტვირთად ბევრი საზოგადოებისათვის. უამრავი ალალ-მართალი ადამიანი იყო დისკრიმინებული და დასჯილი მსგავსი კანონმდებლობით, განსაკუთრებით, მონოთეისტური რელიგიური პერსპექტივიდან.
მსგავსი კანონის მიღება მესამედ უნდათ. რატომ ხდება, რაზე მიუთითებს ეს ინიციატივა?
ეს არის საზოგადეობრივი აზრის მანიპულირების მცდელობა. დროდადრო ვხედავთ, რომ მსგავსი საცდური უჩნდებათ პოლიტიკოსებს და ეს საკითხი გამოაქვთ საზოგადოების სამსჯელოდ. რაც არ მეტყველებს ჩვენი კანონმდებლების მოწიფულობაზე და იმ დემოკრატიული პროცესების სიჯანსაღეზე, რომელშიც ვცხოვრობთ.
თუ ვინმეს გულწრფელად აინტერესებს, რომ საქართველოში რელიგიური გრძნობების ხელყოფა არ მოხდეს, მან ყველაფერი უნდა გააკეთოს განათლების დონის ამაღლებაზე.
კანონპროექტის ინიციატორმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ სხალთელ მიტროპოლიტს სურს, კანონის მოქმედება სასულიერო პირების ქადაგებებზე არ გავრცელდეს. ხედავთ იმის ნიშნებს, რომ კანონპროექტი დომინანტური რელიგიური ჯგუფის ინტერსების გამტარებელი იქნება?
ეს დისკურსი, რომელიც თქვენ ბრძანეთ, მეტყველებს იმაზე, როგორი აბსურდულია კანონპროექტზე მსჯელობაც კი, რადგან ამაზე საერთო კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია. ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ დომინანტურმა რელიგიურმა გაერთიანებამ, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭიროს ასეთ კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მისი უფლებების გარანტორი იქნება. ეს საბოლოოდ შეურაცხყოფას მიაყენებს მართლმადიდებლობას საზოგადოდ.
ეს კანონპროექტი რელიგიურ გაერთიანებებსაც შეუქმნის პრობლემებს?
აბსოლუტურად გეთანხმებით. ამას შეუძლია დაძაბოს მდგომარეობა რელიგიურ უმცირესობებთან მიმართებაში და დიდი მიმდინარეობის წიაღშიც კი, ამ გაერთიანებებში არსებულ სხვადასხვა ფრაქციას შორის. იგივე შეიძლება ითქვას მცირე რელიგიურ მიმდინარეობებზე.
ვინც სთავაზობს საქართველოს ასეთ კანონმდებლობას, არა მგონია, რომ გააზრებული ჰქონდეს პოლიტიკური სიბრიყვე და აბსურდულობა ამ საკითხისა. აუტკივარი თავი რატომ უნდა აიტკიოს ქართულმა სახელმწიფომ ან პარლამენტმა და ქვეყანამ?
მე მინდა დავიჯერო, რომ კანონმდებლებს ექნებათ საამისო გონიერება და სიბრძნე, რომ ასეთი ბრიყვული მსჯელობისთვის არ დაკარგონ დრო და ენერგია და ის მოახმარონ უფრო ფასეულ საქმეებს.