ახალი ამბები

სასამართლომ დააკმაყოფილა EMC-ის სარჩელი შსს-ს გენინსპექციის წინააღმდეგ

25 აპრილი, 2018 • 2391
სასამართლომ დააკმაყოფილა EMC-ის სარჩელი შსს-ს გენინსპექციის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 აპრილს დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაცია  EMC-ის სარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წინააღმდეგ და სამინისტროს საკუთარი თანამშრომლების მიმართ ხელახალი დისციპლინური წარმოების ჩატარება დაავალა. “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ დავაში იცავს დაზარალებულ ჯ.ს-ს ინტერესებს.

EMC-ის ცნობით, დაზარალებული 2017 წლის ოქტომბერში ქუჩაში გააჩერა და გამოკითხა დაახლოებით ხუთმა სამართალდამცველმა.  ყოველგვარი დასაბუთებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებმა მოქალაქეს გადაუღეს ფოტოები. ასევე, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, სასამართლოს განჩინების და გამოძიების დადგენილების გარეშე, ჩხრეკდნენ მის საცხოვრებელ ბინას.

მოქალაქის მომართვის საფუძველზე, EMC-იმ განცხადებით მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას ინციდენტში მონაწილე პოლიციელების მხრიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის შესწავლისა და სათანადო რეაგირების მოთხოვნის მიზნით. განცხადების შესწავლის შედეგად გენერალურმა ინსპექციამ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ დაადასტურა.

“EMC-მ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთწინადადებიანი, დაუსაბუთებელი პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში EMC მოითხოვდა როგორც სამსახურებრივი შემოწმების მასალების გადაცემას, ასევე გენერალური ინსპექციისათვის ხელახალი სამსახურებრივი შემოწმების განხორციელების დავალებას. პროცესის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს წინაშე წარადგინა სამსახურებრივი შემოწმების მასალები, რომლებიც თავის მხრივ მხოლოდ დაზარალებულის და პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს მოიცავდა. პოლიციელთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად სასამართლოს წინაშე აშკარა გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი შემოწმების განხორციელებისას უპირობოდ ენდო მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებებს და ყოველგვარი დამატებითი გარემოების მოკვლევის გარეშე სწორედ ამას დააფუძნა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება”, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, ამის გათვალისწინებით, სასამართლომ EMC-ის მოთხოვნა დასაბუთებულად მიიჩნია, სარჩელი დააკმაყოფილა და გენერალურ ინსპექციას ხელახალი სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება დაავალა.

ამავე საქმეზე EMC-იმ განცხადებით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, შსს-ს მოსამსახურეთა მხრიდან დაზარალებულის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტის კანონიერების შესწავლის მიზნით.  ინსპექტორმა მიღებულ გადაწყვეტილებაში დაადგინა კანონის დარღვევა და ცალსახად განმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქის იდენტიფიკაციის ღონისძიება არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და მონაცემთა დამუშავება მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს. ინსპექტორის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების შემუშავების, რომლითაც შესაძლებელი იქნება პრევენციული ღონისძიების – „პირის გამოკითხვის“ დროს მონაცემთა სუბიექტის ჯეროვანი ინფორმირების უტყუარი დადასტურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი