ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მუხთარლის ადვოკატს ლიცენზია შეუჩერეს

24 აპრილი, 2018 • 2041
მუხთარლის ადვოკატს ლიცენზია შეუჩერეს

საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატ ნემატ ქერიმლის აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ მთავარი პროკურატურის საჩივრის საფუძველზე ერთი წლით საადვოკატო ლიცენზია შეუჩერა. ეს იმას ნიშნავს, რომ აფგან მუხთარლის ინტერესებს ის ვეღარ დაიცავს.

როგორც ჟურნალისტმა ლეილა მუსტაფაიევამ, აფგან მუთხთარლის ცოლმა ნეტგაზეთს უთხრა, ადვოკატმა ნემატ ქერიმლიმ აფგან მუხთარლის პოლიტპატიმარი უწოდა. სწორედ ეს გახდა პროკურატურის საჩივრის მიზეზი ადვოკატთა ასოციაციაში.

“თუმცა პოლიტპატიმრად აფგან მუხთარლი პირველად უფლებამდაცველმა ორგანიზაციამ მოიხსენია. დღეს სააპელაციო სასამართლო აქვს აფგანს და ადვოკატი არ ჰყავს. აფგანს აზერბაიჯანში კიდევ ერთი ადვოკატი, ელჩინ სადიგოვი ჰყავს, თუმცა დღევანდელ სხდომას ვერც ის ესწრება, ვინაიდან ადვოკატთა ასოციაციამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამბობს ლეილა მუსტაფაიევა.


აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დევნილი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, ამბობს, რომ ის ქართულმა და აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ერთობლივად გაიტაცეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთის, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გაასამართლა და ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

იმის გამო, რომ საქართველოში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა, მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ, საქართველო შვილთან ერთად დატოვა. ქართველმა ჟურნალისტებმა და უფლებადამცველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვეს პასუხი კითხვაზე, როგორ აღმოჩნდა თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი აზერბაიჯანის ციხეში. საზოგადოებას ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი