ახალი ამბები

ინფო 9-ის დარჩენილი ქონება 2 მილიონად გაიყიდა

11 ნოემბერი, 2013 • • 1825
ინფო 9-ის დარჩენილი ქონება 2 მილიონად გაიყიდა

ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 8 ნოემბერს გაფორმდა, შპს “მეცხრე არხი ინფოს” დირექტორის თანამდებობიდან გამოთხოვილია მანანა ელიაშვილი და მის ადგილს იკავებს “ქართუ ბანკის” ადვოკატი ალა კახნიაური.

 

კახნიაური “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ 2 მილიონად გაყიდულია “მეცხრე არხი ინფოს” მატერიალური ქონება, არამატერიალური ქონება კი (“ინფო 9”-ის ბრენდი, არქივი) ბიძინა ივანიშვილმა აგვისტოში გადასცა “ინფო 9”-ის მენეჯმენტს, რომლებმაც სექტემბერში დააფუძნეს ახალი შპს “ინფო 9” (კომპანიაში 40%-იან წილს ტელეკომპანია “მე-9 არხის” ყოფილი გენერალური დირექტორი ლუბა ელიაშვილი ფლობს, 30%-იან წილს – მისი და, სააგენტო “ინფო 9”-ის დირექტორი მანანა ელიაშვილი. წილის 20% და 10% “ინფო 9”-ის მენეჯმენტის წარმომადგენლებს – თენგიზ ქირიასა და შალვა ჯოხაძეს ეკუთვნით).

 

მანანა ელიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ “ინფო 9”-ის ბრენდით სწორედ მათი შპს გააგრძელებს ფუნქციონირებას:

 

“ჩვენ დამფუძნებელმა, მაშინ როგორც იყო, გადმოგვცა ბრენდი, არამატერიალური ქონება და ჩვენ დავაფუძნეთ შპს “ინფო 9″. ბრენდი, საავტორო უფლება და არქივი გადმოგვეცა ჩვენ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვეულებრივად.”

 

ალა კახნიაურს არა აქვს ინფორმაცია, რა ფორმით იფუნქციონირებს შემდეგში “მეცხრე არხი ინფო”: 

 

“მოგეხსენებათ, რომ დახურულია ეს სააგენტო – “მეცხრე არხი ინფო” და ფაქტობრივად არ ფუნქციონირებს, როგორც სააგენტო. გასხვისდა წილი, რაღაც გარკვეული აპარატურა ჰქონდა საკუთრებაში და ის. არა მგონია, აღდგეს, შეჩერებულია, არავითარი გეგმები არ ვიცი. მე ვიცი, რომ საქმიანობა შეჩერებულია და მერე თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამასთან დაკავშირებით, არ ვიცი”.

 

შეკითხვაზე, რჩება თუ არა გაყიდვის მიუხედავად “მეცხრე არხი ინფოს” მფლობელად ბიძინა ივანიშვილი, რახან ნასყიდობის ხელშეკრულებაში ორივე მხარეს წარმოადგენს კახა კობიაშვილი, ალა კახნიაური პასუხობს:

 

“ბიძინა ივანიშვილი არასდროს არ ყოფილა ამის მფლობელი. კახა კობიაშვილი ბევრ ფირმას წარმოადგენს და ვინაიდან ერთხელ გააჟღერეს და მოხდა მისი ასოცირება ბიძინა ივანიშვილთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილს წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილს აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა გასხვისებული ჯერ კიდევ არჩევნებამდე, აქედან გამომდინარე, ასოციაცია და დაკავშირება ამ ეტაპზე უხერხულია”.

 

ის ფაქტი, რომ “ინფო 9”-ს და “მეცხრე არხს” ყოველთვის ფლობდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, არასოდეს გაუხდია სადავოდ თავად პრემიერ-მინისტრს. უფრო მეტიც, 31 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია:

 

“მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ საინფორმაციო სააგენტო “ინფო 9“–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენს საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება – ბრენდი, სახელი – „ინფო 9“, ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს “ინფო 9“–ის მენეჯმენტს.”

 

საჯარო რეესტრში კიდევ ერთი ცვლილება აისახა, კერძოდ, შპს “მეცხრე არხის” დირექტორად დანიშნულია ვეფხვია დვალი, რომელმაც ამ თანამდებობაზე ლუბა ელიაშვილი შეცვალა.


ტელეკომპანია “მეცხრე არხის” ყიდვის სურვილი რამდენიმე თვის წინ სააქციო საზოგადოება “ტელევიზიამ” გამოთქვა, თუმცა მოლაპარაკებები ამ ჯგუფებს შორის დღემდე გრძელდება.


თავად ბიძინა ივანიშვილს უკვე გაკეთებული აქვს განცხადება იმის თაობაზე, რომ ის რამდენიმე დღეში გადადგება და სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა რა ფორმით, ამ დეტალებზე მოქმედ პრემიერს ჯერ არ უსაუბრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი