ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში არსებული სიტუაცია სფეროების მიხედვით არის შეფასებული. ანგარიშში, სხვა წლების მსგავსად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, მედიაში არსებულ პრობლემებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ მედიაში არსებული პრობლემების კონტექსტში ახსენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მენეჯმენტის ცვლილებას, გადაცემების დახურვას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტსა და იმედის, GDS-სა და მაესტროს ერთ ჰოლდინგად გაერთიანებას.
“დამოუკიდებელი მედია იყო ძალიან აქტიური და გამოხატავდა სხვადასხვა სახის განსხვავებულ მოსაზრებას. თუმცა, სამი ტელევიზიის – იმედის, მაესტროსა და GDS-ის – გაერთიანებამ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად, შეამცირა მედიაპლურალიზმი და გაზარდა საზოგადოების აღქმა, რომ მედიაგარემო სულ უფრო მეტად არის კონცენტრირებული მმართველი პარტიის სასარგებლოდ”.
სახელმწიფო დეპარტამენტი იშველიებს 2017 წლის 4 ნოემბერს 29 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც გამოთქმულია წუხილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების გავლენის ზრდის შესახებ.
ამავე ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი მაუწყებლობის შესახებ, რომელიც პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა, გააჩინა წუხილები გამჭვირვალობის ნაკლებობასა და ძალაუფლების საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტში კონცენტრაციასთან დაკაშირებით. გარდა ამისა, გაჩნდა მოლოდინი, რომ აღნიშნული კანონპროექტი გააძლიერებდა მენეჯმენტს, დაასუსტებდა სამეურვეო საბჭოს, გაზრდიდა კორუფციის რისკს და შეასუსტებდა თანამშრომელთა დაცვის მექანიზმს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მიუთითებს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წუხილზე, რომელიც გაჩნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის დახურვის გამო.
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე მოხვდა მარნეულის სათემო რადიოს ხელმძღვანელის, კამილა მამედოვას საქმე, რომელმაც თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის გამო განიცდიდნენ ზეწოლას. ამავე დოკუმენტში ნახსენებია media.ge-ს რედაქტორის, დავით მჭედლიძის შემთხვევაც, რომელსაც პოლიციელმა რუსთავში 2016 წელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საქმე კი არ გამოძიებულა. ანგარიშში მიმოხილულია “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით მიმდინარე პროცესები – უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეარხის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნება და ევროსასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაც.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კონკრეტულ პირებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა, თუმცა მიუთითებს “ბირჟა მაფიის” საქმეზე. კერძოდ, რეპერებმა გამოუშვეს კლიპი, სადაც დასცინოდნენ პოლიციას, მოგვიანებით რეპერები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ კი გაათავისუფლეს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ.