გლდანის ბაზარში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უწყების თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების,  შპს“მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად გამოავლინეს ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც  დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში. ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით გაანადგურეს  7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და  ხორცპროდუქტები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.