ახალი ამბები

ISFED: გაზეთებში კვლავ შეინიშნება ირონიული და არაეთიკური გამოთქმები

8 ნოემბერი, 2013 •
ISFED: გაზეთებში კვლავ შეინიშნება ირონიული და არაეთიკური გამოთქმები

კვლევის შედეგად მონიტორინგი განხორციელდა შემდეგ გამოცემებზე: რეზონანსი, 24 საათი, ახალი თაობა, ახალი ვერსია, ალია, კვირის პალიტრა და ასავალ–დასავალი.

 

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გამოცემებში პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი, ასევე, კოალიცია “ქართლი ოცნება” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” უფრო მეტად შუქდებოდა, ვიდრე პრეზიდენტობის კანდიდატები:

 

“23 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის პრესის ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ რამდენიმე მათგანზე (ბურჯანაძე, მარგველაშვილი, ბაქრაძე) და მკითხველს არასაკმარისი ინფორმაცია მიეწოდებოდა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კანდიდატებისა და მათი პროგრამების შესახებ”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ გამოცემები უმრავლესად ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდიდნენ მკითხველს, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ხდება. რაც შეეხება არაეთიკურ გამოთქმებს და ირონიულ დამოკიდებულებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სიხშირით ეს “ასავალ–დასავალის” შემთხვევაში ფიქსირდება. აღნიშნულ გაზეთში ყველაზე მეტი ფართობი პრეზიდენტს დაეთმო და ის 98%–ის შემთხვევაში ნეგატიურად იყო მოხსენიებული.

 

მონიტორინგის თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს აქტიურად აშუქებდა “რეზონანსი”, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ყველაზე მეტი ფართობი ნინო ბურჯანაძეს დაეთმო. რაც შეეხება ტონს, კვლევის თანახმად, “რეზონანსი” სუბიექტების მიმართ მეტწილად ნეიტრალურია.

 

რაც შეეხება “24 საათს”, ანგარიშში ნათქვამია, რომ გაზეთში თითქმის არ იყო ანალიტიკური სტატიები, ინტერვიუები და სვეტები:

 

“მკითხველისთვის ხელმისაწვდომი იყო ინფორმაცია რა მოხდა, თუმცა, რატომ, ან როგორ მოხდა, ამის თაობაზე “24 საათი” ნაკლებ აქცენტს აკეთებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

საპრეზიდენტო არჩევნებთან ინტერვიუები ყველაზე დიდი ინტენსივობით იყო გაზეთ “ახალ თაობაში”, ყველაზე აქტიურად გაშუქებულ სამ სუბიექტს შორის იყო ნინო ბურჯანაძე. 

 

გაზეთმა “ახალმა ვერსიამ” ყველაზე დიდი ფართობი წინასაარჩევნოდ კოალიცია “ქართულ ოცნებას” და პრემიერ–მინისტრს დაუთმო, რომელთაც საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ნურჯანაძე მოჰყვება. 

 

რაც შეეხება “ალიას”, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ გაზეთში ხშირად ქვეყნდება გადაუმოწმებელი და დაუდასტურებელი კულუარული ინფორმაცია. გარდა ამისა, გაზეთში არის არაეთიკური გამოთქმები, როგორც წყაროების, ასევე, თავად ჟურნალისტების მხრიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი