ახალი ამბები

CRRC:ტელევიზიები წინასაარჩევნოდ მიუკერძოებლად მუშაობდნენ, თუმცა ნაკლებად იყო ანალიზი

8 ნოემბერი, 2013 • • 1220
CRRC:ტელევიზიები წინასაარჩევნოდ მიუკერძოებლად მუშაობდნენ, თუმცა ნაკლებად იყო ანალიზი

“წელს ნაკლები იყო პოლარიზება არხებს შორის, უარყოფითად გაშუქება სხვადასხვა სუბიექტების და სხვადასხვა კანდიდატების, თუ შევადარებთ  წინა არჩევნების პერიოდს, ნაკლები იყო. აქტიურად შუქდებოდნენ კანდიდატები, შუქდებოდა მათი გამოსვლები, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არ იყო აქცენტი მათ პროგრამებზე. შუქდებოდა უფრო ამომრჩეველთან შეხვედრა, ვიდრე სუბიექტების პროგრამების ანალიზი”, – აცხადებს CRRC საქართველოს მკვლევარი ქეთი ჩუბინიშვილი.

 

მონიტორინგის შედეგად დაკვირვება ხდებოდა შემდეგ ტელევიზიებზე: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხი, აჭარის ტელევიზია, რუსთავი 2, იმედი, მაესტრო და კავკასია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო პროგრამების ანალიზის ნაკლებობა ყველა არხზე შეინიშნებოდა:

 

“შეიძლება ითქვას, რომ კამპანიების დაწყების დღიდან რა ინფორმაციაც ჰქონდა ამომრჩეველს კანდიდატების პროგრამების შესახებ არხების საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვებებიდან, თითქმის არაფერი შემატებიათ არჩევნების დღემდე”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს თანაბარ დროს უთმობდა, რაც შეეხება სუბიექტებისთვის დათმობილ დროს, როგორც მონიტორინგის წინა პერიოდში, 19  სექტემბრიდან 26 სექტემბრუს ჩათვლით პერიოდშიც პირველ ხუთეულში მთავრიბა (21%), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (15%), კოალიცია ქართული ოცნება (12%), პრეზიდენტი (8%) და პრემიერ–მინისტრი (7%) მოხვდნენ. მათ შორის ყველაზე პოზიტიური ტონი პრეზიდენტის (52%) და პრემიერ–მინისტრის (34%) შემთხვევაში დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება “რუსთავი 2″–ს, კვლევის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში საკმაოდ თვალშისაცემი იყო პრეზიდენტის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება:

 

“მისი აქტივობები და გამოსვლები საკმაოდ ვრცლად, თითქმის ყოველდღე შუქდებოდა და სიუჟეტები უმეტეს შემთხვევაში დადებით შთაბეჭდილებას ტოვებდა მასზე. ამასთან, იგივე სიუჟეტებში პრემიერ–მინისტრი და მთავრობა, უმეტესად პრეზიდენტის საუბრებიდან გამომდინარე, უარყოფით კონტექსტში განიხილებოდნენ”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

ტელეკომპანია “იმედის”  საინფორმაციო გამოშვებების პირველ ხუთეულში არიან მთავრობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია, პრეზიდენტი და პრემიერ–მინისტრი, მათ შორის დადებითი გაშუექბის ყველაზე მეტი წილი პრეზიდენტის შემთხვევაში დაფიქსირდა (43%), ხოლო უარყოფითი ტონის ყველაზე მეტი წილი პრემიერ–მინისტრზე(21%) მოდიოდა. 

 

ტელეკომპანია “მაესტროს” შემთხვევაში მონიტორინგის თანახმად ზოგიერთ სიუჟეტში შეინიშნებოდა წყაროთა სიმცირე და განსხვავებული მოსაზრება გადმოცემული არ იყო, თუმცა მიკერძოება რომელიმე პოლტიკური ძალის მიმართ არ ყოფილა. 

 

უმეტესად ნეიტრალურად აშუქებდა მოვლენებს “კავკასიაც”:

 

“სიუჟეტებში უმეტესად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მხარე და არ იგრძნობოდა მიკერძოება რომელიმე მხარის მიმართ. თითქმის ყოველთვის დღის ყველა მთავარი თემა საღამოს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ხვდება, თუმცა ხშირი იყო მოკლე და მშრალი სიუჟეტები”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

რაც შეეხება “აჭარის ტელევიზიას”, არხზე ყველაზე მეტი დრო გიორგი მარგველაშვილს დაეთმო, მისი გაშუქების 84% კი დადებითი იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი