თბილისში ოთხ ახალშობილ კნუტს დედა მოუკლეს

თბილისში, მეტრო სამგორთან, ოთხი კნუტის დედა კისტის ტყვიებით მოკლეს. მიმკედლებლის გამოჩენამდე ახალშობილი კნუტები მოკლული დედის სხეულს არ შორდებოდნენ.

ნინო ბოჭორიშვილი - რას ამბობს გოგონა, რომელმაც კატა იპოვა
17:00 საათი იყო, სახლში მივდიოდი და გზაზე კნავილი გავიგე. როცა ქუჩაში ფისოებს ვნახულობ, სულ ვეფერები. მე თვითონ არ მყავს კატა და ვცდილობ ასე მაინც გავიხარო გული. ხოდა, ვიფიქრე, ცოტას მოვეფერები-მეთქი; თან, ისეთი ხმა მესმოდა, მივხვდი, ძალიან პატარა იყო. მივყევი ფისოს ხმას და საშინელი სურათი დამხვდა. ნაგვის დიდი ურნების უკან ეგდო დედა კატა სისხლიანი ყბით და თათებით, თან ბუზები ეხვეოდნენ და ოთხი ძალიან პატარა, უმწეო კნუტი დედაზე იყო მიხუტებული თავთან – არ შორდებოდნენ. ყველაზე საშინელი საყურებელი ის იყო, როგორ ცდილობდა დედა თავი წამოეწია.

არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ცხოვრებაში პირველად აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში. ერთადერთი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ იქვე ყუთი ეგდო და კნუტები იქ ჩავსვი. შემდეგ ფოტო დავდე ფისომოყვარულთა ჯგუფში და დავწერე, რომ დამხმარებოდნენ. იმ წამსვე გამომეხმაურნენ ჯგუფის წევრები. ერთ-ერთმა წევრმა, ნინამ დაწერა, რომ სამსახურიდან გავთავისუფლდი და მოვდივარ, კნუტებს მე წავიყვანო. მე ვერ წავიყვანდი, სამწუხაროდ, რადგან ჩემი ოჯახი ვერ იტანს ფისოებს და ამას უკვე შევეგუე. ნინა მოვიდა და კნუტები წაიყვანა.

მე დედა კატასთან დავრჩი. ვიცოდი, ექიმთან უნდა წამეყვანა. ჯგუფის წევრებმა ორი ექიმის ნომერი დაწერეს, დაურეკე და სიტუაცია აუხსენიო. ერთ-ერთთან დავრეკე და მე მხოლოდ დათვალიერება შემიძლია – ოპერაცია რომ დასჭირდეს, ვერ გავაკეთებო. მერე არტურ ლაგოვსკისთან დავრეკე, ავუხსენი სიტუაცია და მოდითო, მითხრა. ამ დროს კიდე ერთმა წევრმა, ნინომ დატოვა კომენტარი, ექიმთან თუ წაიყვან, მე იქ მოვალო. სამწუხაროდ, რაღაც პირადი პრობლემა მქონდა და ვერ მივდიოდი ექიმთან. ამიტომ, ნინოს დავურეკე და ვთხოვე, იქნებ შენ გამოხვიდე-მეთქი.

ნინო გამოვიდა. მე მეგონა, მანქანა დაეჯახა კატას და მხოლოდ მარტო ყბა ჰქონდა დაზიანებული. ნინომ შეხედა და მაშინვე თქვა, შეიძლება უარესი ვქნათ, რომ ავწიოთო. ამ დროს ერთმა ბიჭმა გამოიარა და გვითხრა, ამ ფისოს ჩემ უბანში კისტის ტყვიები ესროლესო. დავურეკეთ ისევ ბატონ არტურს და ვკითხეთ, შეიძებოდა თუ არა ამ სიტუაციაში კატის აყვანა. გვიპასუხა, რომ შეიძლებოდა.

ტაქსის დაჭერას ვცდილობდით, მაგრამ რამდენიმემ უარი გვითხრა, რადგან ფისო მიგვყავდა. მერე ერთი ტაქსი გავაჩერე, ჩემი უბნელი იყო, მიცნობდა და წაგვიყვანა. ჩავსვით დედა ფისო მანქანში დახეული ყუთით. რადგან მე ვერ მივყვებოდი ვეტერინართან, მცირე თანხა გავატანე, რისი საშუალებაც იმ წუთას მქონდა და წავიდნენ.

 

დედა კატა ნინო ძამუკაშვილმა წაიყვანა არტურ ლაგოვსკის ვეტერინარულ კლინიკაში,  თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნების გამო, დაძინების გადაწყვეტილება მიიღეს. მისი ინფორმაციით, კატას 3 კისტის ტყვია ჰქონდა ნასროლი – გულმკერდში, კუჭში და ხერხემალში.

ობლად დარჩენილი ოთხივე ახალშობილი კნუტი 20 წლის ნინამ შეიფარა. მისი თქმით, კნუტები თავს კარგად გრძნობენ და ახლა თბილად სძინავთ:

ძალიან მინდა, ოთხივე კნუტი დავიტოვო, თუმცა, სამსახურიდან გამომდინარე, ოთხივეს კარგად ვერ მოვუვლი… ერთ-ერთს დავიტოვებ და დანარჩენებს გავაჩუქებ ძალიან მზრუნველ პატრონზე, მხოლოდ ერთი პირობით – თუ ხშირად მანახებს ფოტოებს, რა პირობებში იქნებიან კნუტები და როგორ!”

ნეტგაზეთმა აღნიშნული ფაქტის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა კითხვით. უწყების პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

ნეტგაზეთის სიახლეები ცხოველთა დაცვაზე

ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ მსგავს სისასტიკეებთან ბრძოლა მხოლოდ მკაცრი კანონით არის შესაძლებელი. მოქალაქეები უკვე წლებია პარლამენტს ცხოველთა წამებისა და სასტიკი მოპყრობის პრევენციისთვის კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ. თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნას, გააზიარეთ ინფორმაცია ჰეშტეგით: #მიიღეკანონი

ობლად დარჩენილი ოთხი კნუტი ახალგაზრდა გოგონამ შეიფარა. 20.04.2018. ფოტო: ნინა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.