როგორც მინისტრმა დღეს, სააგენტო “პირველის” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, დაწესებულებები იქნება იდეალური, ზოგი სიმკაცრის, ზოგი კი ლიბერალობის თვალსაზრისით:
“პატიმრები დაწესებულებებში განთავსდებიან იმ რისკის მიხედვით, რასაც უქმნიან საზოგადოებას, გარშემომყოფებსა თუ საკუთარ თავს. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული და ამერიკული გამოცდილება, სადაც არსებობს მაღალი და დაბალი რისკის დაწესებულებები. მაღალი რისკის დაწესებულებაში შეიძლება მოხვდნენ კრიმინალური ავტორიტეტები, ბანდის ლიდერები, კანონიერი ქურდები. ეს იქნება დაწესებულება. სადაც მათ არ ექნებათ არანაირი საშუალება გავლენა მოახდინონ ვინმეზე, მათ შორის- ვერც გვერდით საკანში მყოფზე. უმეტეს შემთხვევაში ამ დაწესებულებაში ერთკაციანი საკნები იქნება”, – განაცხადა სუბარმა. მისი თქმით, ასეთი ციხე შენდება ლაითურში, ხოლო მშენებლობის დასრულებამდე ასეთი ტიპის დაწესებულების როლს შეასრულებს რუსთავის #6–ე დაწესებულება.
მინისტრის განცხადებით, ამ დაწესებულებაში მოხვედრილ პატიმრებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ციხეში 10 და მეტი წლით მოუწევთ ყოფნა, არ ექნებათ არც ერთი გრძელვადიანი პაემანი, მაქსიმალურად იქნება შეზღუდული მათი კავშირი გარესამყაროსთან, ისინი ისარგებლებენ მხოლოდ ერთი მოკლევადიანი პაემნით თვეში და ამ შემთხვევაშიც, მინის ბარიერის მიღმა, გაკონტროლდება მათი შეზღუდული სატელეფონო საუბრებიც.
რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება ლიბერალური ტიპის დაწესებულებაში, სადაც მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება პატიმართა რესოციალიზაციაზე:
“ასეთი იქნება #11 დაწესებულება, აქ იქნება პროფესიული სასწავლებელი, სკოლა, სადაც ატესტატს აიღებენ ის სრულწლოვანი მსჯავრდებულები, რომლებსაც სკოლა არ აქვთ დამთავრებული. იქნება დასაქმების საშუალება. რამდენიმე კომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ერთ–ერთი ამერიკული კომპანია აპირებს გახსნას ფეხსაცმლის საკერავი ქარხანა, სახელმწიფო შეკვეთებს ჩვენ უზრუნველვყოფთ, ლაპარაკია ჯარისკაცებისთვის და ციხის პოლიციის ოფიცრებისთვის ფეხსაცმლის შეკერვაზე. პატიმრებს ექნებათ თვეში 9–ჯერ ოჯახთან ღამის გატარების უფლება, ულიმიტო სატელეფონო საუბრები, თავისუფლად სეირნობის უფლება და ეკლესია ეზოში”, – განაცხადა სუბარმა.
მინისტრის განცხადებით, დაწესებულებებში პატიმრების განთავსება მოხდება ექიმის, ფსიქოლოგის და სასამართლოს დახასიათების შედეგად პატიმრის ფსიქო–სოციალური პორტრეტის შედგენის შემდეგ. შესაძლებელი იქნება ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადასვლაც.