ოდნავ განსხვავებული ნაჭრის სავარძლები განსხვავებული პარამეტრებითა და ხარისხით, შედარებით ნაკლებფასიანი – ახალი სავარძლები ხელმძღვანელი პირებისთვის და სავარძლები შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებისთვის.
საქართველოს ახალმა მთავრო-ბამ ხელისუფლებაში მოსვლის შე-მდეგ, ავტოპარკინგის განახლების პარალელურად, ავეჯის განახლებაზეც იზრუნა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებს ბიუჯეტის ფულით, ისე როგორც წინა მთავრობის შემთხვევაში, ახლაც შს სამინისტრო ყიდულობს. ტენდენცია ავეჯის შემთხვევაშიც გრძელდება – ყველაზე ძვირადღირებული, შესაბამისად, კომფორტული ავეჯით მაღალი რანგის პოლიციელები სარგებლობენ.
თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ავეჯის განახლებაზე ყველა იმ სამსახურში იზრუნეს, რომელშიც ახალი ხელმძღვანელი მივიდა. მაგალითად, ბათუმის საკრებულომ თავმჯდომარის სამუშაო ოთახში რბილი ავეჯი ცოტა ხნის წინ შეცვალა. ირაკლი ჩავლეიშვილის კაბინეტს ახალი ნატურალური ტყავის დივანი და სავარძლები ამშვენებს. ის რბილი ავეჯი, რაც მანამდე თავმჯდომარის კაბინეტში იდგა, მისაღებში გაიტანეს, მისაღების დივანი კი თავმჯდომარის მრჩეველს ვახტანგ ღლონტს დაუდგეს კაბინეტში. საკრებულოს აპარატის უფროსის, ლიანა დიასამიძის თქმით, თავმჯდომარის მრჩეველი ვახტანგ ღლონტი “დიდი ხანია, რაც ახალ დივანს ითხოვდა”.
ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციით, ახალ სავარძელს დიდი ხანი ელოდა საკრებულოს განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძეც. მისთვის საკრებულომ ტყავის გორგოლაჭებიანი სავარძელი შეიძინა: “განათლების კომისიის თავმჯდომარე ნაზი ფუტკარაძე ამ კომისიაში ვახტანგ ღლონტის თავმჯდომარეობის დროინდელ დაზიანებულ სავარძელზე იჯდა. ის ახალ სავარძელს გასული წლიდან ითხოვს”.
ნაზი ფუტკარაძის ძველი სავარძელი კი, რომელიც ადრე ვახტანგ ღლონტისთვის შეუძენიათ, აპარატის თანამშრომელს რევაზ სეხნიაშვილს გადასცეს.
“დაზიანებული სავარძელი სპეციალისტს მივეცით. კომისიის თავმჯდომარემ არ იკადრა, თორემ სპეციალისტმა იკადრა და დაჯდა იმ სკამზე. სპეციალისტებისთვის არ ვყიდულობთ “კრესლოებს”, სპეციალისტები სხედან ჩვეულებრივ სკამებზე, მაგრამ რევაზ სეხნიაშვილს უნდოდა “კრესლო”, ამიტომ იკადრა და ზის იმ “კრესლოზე”, – განმარტა აპარატის უფროსმა.
კაბინეტის მაგიდა კომპლექტით, კედელზე დასამაგრებელი საზურგე, ნატურალური ტყავის კუთხური დივანი ორი სავარძლით, ტყავის გორგოლაჭებიანი სავარძელი და ღია და დახურული თაროები კაბინეტებისთვის – ჯამში 5 280 ლარის ნივთები ბათუმის საკრებულომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიძინა.
“თეთრი ფერის, სამკაციანი, დამზადებული მაღალი ხარისხის ტყავისა და ხის მასალისგან, სიგრძე 2 სმ, სიღრმე 54 სმ, ფასი 2400 ლარი, იგივე ხარისხისა და ფერის 1000 ლარად ღირებული სავარძლები”, – სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ეს ყველაფერი ბათუმის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემდეგ შეძენილ ნივთებს შორისაა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უმაღლესმა საბჭომ სხდომათა დარბაზისთვის საჭირო სავარძლები და მაგიდებიც შეიძინა. თუმცა ვისთვის შეიძინეს რბილი ავეჯი, ამაზე სატენდერო დოკუმენტაციაში არაფერი წერია.
ვის შეხვდა ახალი ავეჯი? – უმაღლესი საბჭოს აპარატმა ამ კითხვაზე პასუხი “ბათუმელებს” იმის გამო ვერ გასცა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამსახურში არ იმყოფებოდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ ავეჯის განახლების მიზნით ჯამში 9 ათასამდე ლარი დახარჯა. ახალი ავეჯი აჭარის უმაღლესმა საბჭომ გასულ წელსაც შეიძინა.
რბილი ავეჯი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომაც განაახლა, სამინისტრომ 2013 წლის აპრილში 1749 ლარად ღირებული დივან-სავარძელი და სხვა საოფისე ნივთები შეიძინა. სამინისტრომ ავეჯში, ჯამში, 5 399 ლარი დახარჯა. ვისთვის შეიძინა სამინისტრომ ახალი რბილი ავეჯი? – კითხვაზე სამინისტროში სიტყვიერი განმარტება არ მოგვცეს. პრესამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ საკითხის გასარკვევად აუცილებელია მათგან ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ. “ბათუმელების” ინფორმაციით, ძვირადღირებული რბილი ავეჯი შეხვდა მინისტრ დავით ბალაძეს.
ახალი ტყავის დივნებით შეავსეს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავეჯიც. როგორც ამ სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, ტყავის დივნები მინისტრის მოადგილეებს ერგოთ: “მოადგილეების ოთახში რბილი ავეჯი არ იყო და მათთან შევიტანეთ, სხვა სახის ავეჯი კი სამინისტროს თანამშრომლებზე გადანაწილდება”.
განახლდება თუ არა ავეჯი მინისტრის სამუშაო კაბინეტში? – ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვიპასუხეს, რომ არ იციან.
საერთო ჯამში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წელს ავეჯის განახლებისთვის 13 ათასი ლარი დახარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავეჯი
2013 წლის მარტიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი ავეჯის შესაძენად თხუთმეტჯერ გამოაცხადა. სხვადასხვა ხარისხისა და ღირებულების რბილი ავეჯი, მაგიდები, გორგოლაჭებიანი ტყავის სავარძლები ხელმძღვანელი პირებისთვის და სამინისტროს თანამშრომლებისთვის – ამ ყველაფერში სამინისტროს ბიუჯეტიდან ერთ მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ამ თანხაში არ შედის შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამთავრობო უწყებებისა და დეპარტამენტების მონაცემები. ავეჯი ნაწილობრივ რამდენიმე მათგანმაც განაახლა.
2013 წლის მარტიდან დღემდე შს სამინისტროს საფინანსო სამსახურმა ხელმძღვანელი პირებისთვის, შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლებისთვისა და სტუმრებისთვის 1156 ერთეული სავარძელი შეიძინა. სამინისტრომ თითოეულ სავარძელში მინიმუმ 90, მაქსიმუმ – 800 ლარი გადაიხადა.
ყველაზე ძვირადღირებული სავარძელი, რომელშიც სამინისტრომ 800 ლარი გადაიხადა, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა. ირაკლი ღარიბაშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე სულ მალე სხვა პირი შეცვლის, რადგან თავად ღარიბაშვილი მოქმედმა პრემიერმა თავის შემცვლელად დაასახელა. ახალი მინისტრიც მოინდომებს ახალი სავარძლის ყიდვას, თუ ირაკლი ღარიბაშვილის ნაქონ ნივთს დასჯერდება, ეს მომავალში გამოჩნდება.
სხვა სამინისტროების ავეჯი
ავეჯის განახლებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც უზრუნია. სავარძლების, მაგიდების, თაროებისა და სხვა ნივთების გარდა ამ სამინისტროს მიერ შეძენილი ნივთების ჩამონათვალში ყავის მაგიდები და ქურთუკის ჩამოსაკიდებლებიც მოხვდა. მთლიანობაში კი ნოდარ ხადურის უწყებას ავეჯის განახლებისთვის 2013 წლის თებერვლიდან დღემდე 80 ათასამდე ლარი დაუხარჯავს.
ავეჯი მნიშვნელოვნად განაახლა საქართველოს საოფლის მეურნეობის სამინისტრომაც. 2013 წლის განმავლობაში ამ სამინისტრომ მთლიანობაში 93 084 ლარი დახარჯა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შესყიდული ავეჯიდან დიდი ნაწილი ახალშექმნილ საკონსულტაციო სამსახურებს გადაეცა.
“სამოცამდე საკონსულტაციო სამსახურია შექმნილი საქართველოს რაიონებში, ახალი სამსახურებია და ელემენტარული ავეჯი სჭირდებოდათ”, – განმარტა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საფინანსო ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსმა ოთარ შამუგიამ.
გარემოს დაცვის სამინისტრომ ავეჯის განახლების მიზნით წელს 10 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.
სამთავრობო სტრუქტურების მიერ ავეჯის განახლების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების გადამოწმება “ბათუმელებმა” მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა.
სად მიაქვთ ძველი ავეჯი, მაგალითად, სავარძლები, რომლებიც სამინისტროებმა შარშანაც იყიდეს და წელსაც? – ამ კითხვაზე ერთ-ერთ სამთავრობო სტრუქტურაში გვიპასუხეს: “შეხედავ ლამაზია და ხარისხიანი ჩანს ავეჯი, მაგრამ მალე ფუჭდება. სავარძლებს ადრე წონის მიხედვით არ ვყიდულობდით, ახლა იმის მიხედვით ვყიდულობთ, რა წონის ადამიანმაც უნდა ისარგებლოს. აბა, ავეჯი მუდმივი რომ იყოს, მაშინ რა გვიჭირდა?!”
მთავრობის ცვლილების შემდეგ ავეჯში ფული საერთოდ არ აქვს დახარჯული საქართველოს ენერგეტიკის, აჭარის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციას.
