ახალი ამბები

კახა კალაძე: 109-ე ბაღს ვერავინ შეეხება

18 აპრილი, 2018 • 2015
კახა კალაძე: 109-ე ბაღს ვერავინ შეეხება

თბილისის მერი კახა კალაძე 109-ე ბაღთან აღსაზრდელების მიერ გამართულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბაგა-ბაღის გასხვისებას “არავინ გაბედავს”.

ძალიან გულდასაწყვეტია ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, რადგან ადამიანები ვართ, არსებობს მორალი, არსებობს ზნეობა. როგორ უნდა ვიკადროთ ისეთ რამ, რომ მოტყუებით გამოვიყვანოთ ბავშვები და შემდეგ გავასხვისოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის შეურაცხმყოფელი პირადად ჩემთვის. განცხადებები, რაც მოვისმინეთ, არანაირ სიმართლეს არ შეეფერება,” – განმარტავს კალაძე. 

მისივე თქმით, სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიულია, რის გამოც ბავშვების იქ ყოფნა სახიფათოა.

მგონი, ბავშვების და ამ მშობლების ინტერესებს ვიცავთ. ის დამოკიდებულება, რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შეურაცხმყოფელი და მიუღებელია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და როგორც უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები, ჩვენი მომავალი თაობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ჩაითვალა ავარიულად შენობა, რომლის რეაბილიტაციაზეც 2015 წელს მერიამ 325 ათასი ლარი დახარჯა, კალაძემ არ უპასუხა.

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დღეიდან აღსაზრდელებს აღარ უშვებენ. მიზეზად კი, მშობლების თქმით, ბაგა-ბაღების სააგენტო შენობის ავარიულობას ასახელებს. მშობლების თქმით, მათ ამ განმარტების არ სჯერათ და გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია გამართეს.

აღნიშნული ბაღის  დახურული ფლიგელის აღდგენისთვის მერიამ 2015 წლის 14 დეკემბერს 325 000  ლარი გამოყო. საზეიმო გახსნაზე თბილისის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ “საბავშვო ბაღი ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც შესაბამი სტანდარტებით არის დადგენილი,”.

მასალების გადაბეჭდვის წესი