ახალი ამბები

სააკაშვილის ბუნდოვანი პოლიტიკური მომავალი

5 ნოემბერი, 2013 • • 2231
სააკაშვილის ბუნდოვანი პოლიტიკური მომავალი

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდში ყოველთვის სიფრთხილეს იჩენდა, როდესაც სამომავლო გეგმებზე უსვამდნენ შეკითხვებს. საზოგადოებას დღემდე არ აქვს ცალსახა პასუხი კითხვაზე, სად იქნება სააკაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ?

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯალაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამაზე პასუხი არ აქვს. ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმაც.

 

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებას და ბიბლიოთეკის განვითარებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მნიშვნელოვან დროს დაუთმობს.

ასევე, ცნობილია მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ კახეთში მევენახეობა–მეღვინეობის და ვაზის სასწავლო ცენტრის გახსნას გეგმავს.

 

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ მოვიდა დრო, როდესაც საზოგადოებამ მისგან უნდა დაისვენოს, შემდეგ კი უცხოეთში გაემგზავრა, სადაც დღემდე იმყოფება.

 

არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილმა თავისი საქმიანობა სწორედ უცხოეთში, რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში გააგრძელოს, ან ლექციები წაიკითხოს დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში:

 

“საერთოდ, პროგნოზების კეთება უმადური საქმეა, განსაკუთრებით პრეზიდენტთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც მე ვიცი, მსოფლიოს ძალიან ბევრი უნივერსიტეტია დაინტერესებული იმით, რომ მან წაიკითხოს ლექციების კურსი. ასევე, პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ყველაფერი გააკეთოს საქართველოს პოპულარიზაციისათვის და დეოკუპაციის თემის წამოწევისთვის მთელ მსოფლიოში. უფრო კონკრეტულად მისი გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნუგზარ წიკლაურმა, სააკაშვილის თანაგუნდელმა და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა.

 

მიხეილ სააკაშვილის კარიერის ამგვარად განვითარებას არც მისი კიდევ ერთი თანაპარტიელი სერგო რატიანი გამორიცხავს, რომელიც დარწმუნებულია, რომ უცხოეთში სააკაშვილის შესაძლებლობების მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს:

 

“მე ვიცი, თუ რა რეპუტაცია აქვს მას საერთაშორისო ინსტიტუტებში. უნივერსიტეტებშიც მას არაერთხელ წაუკითხავს ლექცია და მე ამას არ გამოვრიცხავ. სააკაშვილს მართლაც უნიკალური გამოცდილება აქვს ქვეყნის მოდერნიზაციის მიმართულებით. მან განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. დასავლური უნივერსიტეტები კი ასეთ შესაძლებლობებს ხელიდან არ უშვებენ ხოლმე”.

 

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკვე წლებია აკვირდება, აცხადებს, რომ თუ საგამოძიებო უწყებები აღმოაჩენენ რაიმე ისეთ საქმეს, რის საფუძველზეც პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ, სააკაშვილისთვის უჯობესი იქნება, თუ ქვეყანას დატოვებს:

 

“ჩვენ ეს დღეები სულ გვესმის, მათ შორის მთავარი პროკურორისგან და ასევე, ივანიშვილისგანაც განცხადებები იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტი, სულ მცირე, დაიკითხება და რომ ზურაბ ჟვანიას საქმე გახსნის ეტაპზეა მისული და რომ მაღალი რანგის ჩინოსნები არიან ჩართულნი, სააკაშვილიც მოიხსენიება ამ კონტექსტში. მოკლედ, თუ მოხდა ისე, რომ სააკაშვილს საქართველოში აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის შესაძლებლობა არ მიეცა, მაშინ მე ვფიქრობ, მას ურჩევნია, რომ წავიდეს უცხოეთში და იქ რაღაცნაირად თავშესაფარი ნახოს, რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში საქმიანობის თვალსაზრისით”.

 

თავად მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის საქართველოს დატოვებას არ აპირებს. თუმცა უცნობია, გააგრძელებს თუ არა ის აქ პოლიტიკურ კარიერას. ამის თაობაზე არც მისი თანაპარტიელები ფლობენ ინფორმაციას:

 

“ასეთ გადაწყვეტილებებს ის თვითონ იღებს, მაგრამ როგორც იცით, 3 კვირის წინ ჩატარდა პარტიის ყრილობა და ის არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი აზრით, ეს ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ პრეზიდენტს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა აქვს გადაწყვეტილი”, – აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

 

მიხეილ სააკაშვილმა თავისი პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე შექმნა და ამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, რის შემდეგაც მისი პოლიტიკური კარიერა ელვის სისწრაფით განვითარდა ქვეყნის პრეზიდენტობამდე.

 

რამდენიმე თვეში, 2014 წლის მაისში, საქართველოში მორიგი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

 

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი არ ფიქრობს, რომ სააკაშვილს ხელისუფლებაში დაბრუნების სერიოზული პერსპექტივა აქვს:

 

“თუმცა მას, რასაკვირველია, აქვს იმის პერსპექტივა, რომ იყოს ოპოზიციაში, ანუ დარჩეს პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ მისი მოღვაწეობა წინააღმდეგობრივია საქართველოს ისტორიაში. შეიძლება მოიძებნოს მის პერიოდში გაკეთებული ძალიან კარგი საქმეები და წარმატებული რეფორმები და პირიქით – ცუდი საქმეებიც. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება დაივიწყოს მის მიერ გაკეთებული ცუდი საქმეები და ფოკუსირება მოახდინოს წარმატებულ რეფორმებზე. ეს კარგი საქმეების რესურსი შეიძლება სააკაშვილს პოლიტიკაში გარკვეული გავლენის მქონე ადამიანად დარჩენის პერსპექტივას აძლევს, თუმცა არ მგონია, რომ მის მიმართ ნოსტალიგია ისე გაიზარდოს ქვეყანაში, რომ ის ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ასეთი მოლოდინი მე არ მაქვს”, – აცხადებს სოციოლოგი და დასძენს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მოიქცევა ამჟამინდელი მმართველი გუნდი.

 

“მე არ ვიტყვი იმას, რომ კოალიციის ქმედებები პირდაპირ აისახება სააკაშვილის რეიტინგზე, მაგრამ ამ ორ მოვლენას გარკვეული გადაკვეთა ექნება. თუ მთავრობა აღმოჩნდა საკმარისად წარუმატებელი, აქ განსკაუთრებით სოციალური პროექტების განხორციელაბას ვგულისხმობს, ეს უფრო მიახედებს ქართველ ელექტორატს “ნაცმოძრაობისა” და მათ შორის სააკაშვილისკენ, მაგრამ თუ მთავრობა წარმატებული აღმოჩნდა, რასაკვირველია, სააკაშვილს კიდევ უფრო მცირე შანსი ექნება პოლიტიკური რეაბილიტაციის”.

 

საქართველოს უახლეს ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელიც არჩევნების გზით იცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი