ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს პრემიერად დანიშვნას ულოცავს

18 აპრილი, 2018 • 1432
კვირიკაშვილი სერჟ სარგსიანს პრემიერად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს ტვიტერზე მიულოცა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არჩევა.

სერჟ სარგსიანი სომხეთის ეროვნული კრების დეპუტატებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად 17 აპრილს, სომხეთში ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე აირჩიეს.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. აქციებს სათავეში სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უდგას.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.

17 აპრილს სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს. აქციები სომხეთში გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი