ახალი ამბები

რატომ არ უშვებენ აღსაზრდელებს 109-ე ბაგა ბაღში და რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს

18 აპრილი, 2018 • 2108
რატომ არ უშვებენ აღსაზრდელებს 109-ე ბაგა ბაღში და რა მოთხოვნები აქვთ მშობლებს

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში დღეიდან აღსაზრდელებს აღარ უშვებენ. მიზეზად კი, მშობლების თქმით, ბაგა-ბაღების სააგენტო შენობის ავარიულობას ასახელებს. მშობლების თქმით, მათ ამ განმარტების არ სჯერათ და გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქციას მართავენ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, N109 ბაგა-ბაღი ავარიულობის გამო 18 აპრილიდან დაიხურება. სააგენტო არგუმენტად ასახელებს სამხარაულის ბიუროს დასკვნას. დასკვნის მიხედვით, N109 ბაგა-ბაღის შენობის ძირითადი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და საექსპლუატაციო ვარგიასიანობის თვალსაზრისით მეორე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენობა გამაგრებას საჭიროებს.

“მიწისძვრის შედეგად შენობის ნგრევის მაღალი რისკის გამო მასში საბავშვო დაწესებულების განთავსება მიზანშეუწონელია. N109 ბაგა-ბაღში ამჟამად 731 აღსაზრდელია რეგისტრირებული, რომლებიც კვირის ბოლომდე ახლომდებარე სამ საბავშვო ბაღში გადანაწილდებიან. N128, N16, და N215 ბაღებში მოეწყობა სივრცეები, სადაც დახურული ბაღიდან გადაყვანილი ჯგუფები განთავსდება. გადანაწილებული ჯგუფები სააღმზრდელო პროცესს 23 აპრილიდან გააგრძელებენ,” – ნათქვამია ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადებაში.

სამხარაულის დასვნას არ ენდობიან თავად მშობლები, როგორც მათ მიერ შექმნილ მანიფესტშია ახსნილი, ისინი ბაღის ხელახალ ექსპერტიზას ითხოვენ. პეტიციას ამ დროისთვის 500 ადამიანი აწერს ხელს.

“ასევე ვითხოვთ პასუხს! ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2018 წლის 16 მარტს  გაუგზავნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საინჟინრო დასკვნა ნომერი  #001616818, რატომ გახდა ეს დასკვნა საჯარო მხოლოდ 2018 წლის 17 აპრილს,” – ნათქვამია მშობელთა პეტიციაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა 109-ე ბაგა-ბაგა ბაღის აღსაზრდელის ერთ-ერთ მშობელ ანა ქამუშაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ბაღის ავარიულობის შესახებ მშობლებმა გუშინ, 17 აპრილის საღამოს ერთმანეთისგან გაიგეს.

“მშობლებს სოციალურ ქსელში გვაქვს ჯგუფები, სადაც ინფორმაციას ვუცვლით ხოლმე ერთმანეთს. სწორედ აქ გუშინ დაიწერა, რომ დროზე მოვსულიყავით, რადგან ბაღის დანგრევას აპირებდნენ. მისვლისთანავე გავიგე, რომ თურმე შენობა ავარიული ყოფილა. გასაკვირი კი ის არის, რომ 2015 წლის ბოლოს ამ ბაღს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა და მის გახსნას დავით ნარმანიაც ესწრებოდა. გვიჩნდება კითხვა, მართლაც ავარიულია ეს შენობა, თუ უბრალოდ ფულის უკანონო გაფლანგვასთან გვაქვს საქმე?,”- განაცხადა ანა ქამუშაძემ.

მშობლის თქმით, მისი ორი შვილი სააგენტომ ორ სხვადასხვა ბაღში გადაანაწილა, რაც მისთვის პრობლემებს ქმნის.

“ბავშვები სხვადასხვა ბაღში ლოტოტრონის პრინციპით გადაანაწილეს. ჩვენ, მშობლებს, იმის საშუალებაც კი არ გვაქვს, რომ სურვილისამებრ გადავიყვანოთ ბავშვები. არავის უფიქრია ბავშვებზე, მშობლებზე და იმ პრობლემებზეც, რომლებიც შეიძლება რომ წარმოიშვას.  გვითხრეს, რომ დაგვეცალა ბაღი და წავსულიყავით. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ბაღს გამაგრებით სამუშაოებს კი არა, დემონტაჟს უპირებენ,”- გვიყვება მშობელი.

მშობლები ასევე აღნიშნავენ, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს 109-ე ბაღის დახურული ფლიგელის აღდგენისთვის მერიამ  325 000  ლარი გამოყო, სამ წელიწადში კი შენობა ავარიული ვერ გახდებოდა.

დახურული ფლიგელის აღდგენისა და მასზე დახარჯული თანხების  შესახებ მერიის ვებგვერდზეც წერია. როგორც საიტიდან ვიგებთ, ბაღის საზეიმო ხელახალ გახსნაზე თბილისის ყოფილი მერი, დავით ნარმანია და ბაგა-ბაღების სააგენტოს მაშინდელი ხელმძღვანელი თემურ თორდინავა დაესწრნენ. სწორედ აღნიშნულ გახსნაზე, დავით ნარმანიამ განაცხადა :

“ამ უბანში კიდევ ერთი წინასაარჩევნო დაპირება შევასრულეთ და საბავშვო ბაღი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვებისთვის  იყო გამოუყენებელი და დახურული, გავხსენით. ჩავატარეთ სარემონტო სამუშაოები, 300 000 ლარზე მეტი დავხარჯეთ და ხედავთ, რომ კეთილმოწყობილი ბაღი მივიღეთ, რომელშიც ორშაბათიდან უკვე დაიწყებენ ბავშვები სიარულს. საბავშვო ბაღი ყველა იმ აუცილებელ პირობას აკმაყოფილებს, რომელიც შესაბამი სტანდარტებით არის დადგენილი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი