ახალი ამბები

Reuters: რუსეთი მებრძოლებს სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გზავნის

17 აპრილი, 2018 • 4980
Reuters: რუსეთი მებრძოლებს სირიაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გზავნის

“როიტერსის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთი კერძო მებრძოლების სირიაში გადასაყვანად არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო თვითმფრინავებს იყენებს. სტატიის თანახმად, თვითმფრინავები ძირითადად როსტოვიდან დაფრინავენ და საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ.

“როიტერსმა” ჩაატარა გამოძიება, რომლის თანახმადაც, რუსეთს კონტრაქტორები სამოქალაქო თვითმფრინავების გამოყენებით ჩაჰყავს სირიაში, ხოლო ეს მებრძოლები ბაშარ ალ ასადს ეხმარებიან სირიაში ამბოხებულებთან ბრძოლაში. სამოქალაქო ომი იქ უკვე 6 წელია მიმდინარეობს.

“როიტერსი” ერთ-ერთ ასეთ ფრენას დააკვირდა, რომელიც როსტოვიდან გვიან ღამით განხორციელდა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, Airbus A320, რომლითაც რუსი მებრძოლები სირიაში გაფრინდნენ, იმ ათეულობით თვითმფრინავს შორისაა, რომლებიც ადრე წამყვან ევროპულ და ამერიკულ ავიაკომპანიებს ეკუთვნოდა, შემდეგ კი შუამავალი და ოფშორული კომპანიების მეშვეობით ახლო აღმოსავლეთში რეგისტრირებული ავიახაზების მფლობელობაში მოხვდა, მათ უმეტესობას კი აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები ეხება.

“როიტერსის” ცნობით, ფრენები, რომლებიც როსტოვიდან ხორციელდება, არსად აღირიცხება და მას სირიის ავიაკომპანია Cham Wings ახორციელებს. ეს კომპანია 2016 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშაა იმ ბრალდების გამო, რაც ასადის მხარდამჭერი მებრძოლების გადაყვანასთან დაკავშირებით არსებობს. ასევე, ავიაკომპანიას ბრალად ედება სამხედრო იარაღისა და მოწყობილობების სირიაში გადაზიდვა. “როიტერსის” ცნობით, ფრენები, რომლებიც, როგორც წესი, ღამით ხორციელდება, არ ხვდება არცერთი აეროპორტის და ავიახაზების განრიგში. თვითმფრინავების დანიშნულების საბოლოო ადგილი დამასკო ან ლატაკიაა, სადაც რუსეთს სამხედრო ბაზა აქვს.

სტატიის მიხედვით, ფრენის მიმართულება არ არის დატანილი Cham Wings ავიახაზების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მაგრამ როსტოვიდან განხორციელებულ ფრენებს “როიტერსი” თვითმფრინავების მეთვალყურეობის ბაზის მონაცემებიდან დააკვირდა. მათ ფრენები 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის 11 მარტის ჩათვლით შეისწავლეს.  A320-ის გამოყენებით ამ პერიოდში 51 ფრენა განხორციელდა. “როიტერსი” წერს, რომ მოსკოვი დაქირავებულ მებრძოლებს ოფიციალური სამხედროების ნაცვლად იყენებს, რადგან მისი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვა ქვეყანამ უნდა აღრიცხოს. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ოპერაცია დაიწყო, 44 რუსი სამხედრო დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით კი, მხოლოდ 2017 წელს, 8 თვის განმავლობაში, სირიაში 40 რუსი კონტრაქტორი მებრძოლია დაღუპული.

ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად საჭირო სამხედრო ძალისა და ტექნიკის სირიაში გადაზიდვა, “როიტერსის” ცნობით, ბოლო პერიოდში ათობით თვითმფრინავი დარეგისტრირდა უკრაინაში შექმნილ ავიაკომპანიებში – “ხორსი” და “დართი”, რომლებიც მოგვიანებით სირიისა და ირანის ავიაკომპანიებს მიჰყიდეს. სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 7 წლის განმავლობაში ამ კომპანიებმა, სულ მცირე, 84 თვითმფრინავი გაყიდეს ან ლიზინგით გადასცეს სხვა კომპანიებს, აქედან 40 ირანში, სირიასა და ერაყში დაფრინავდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მარშრუტი, რომელსაც სამოქალაქო თვითმფრინავი გადის, მაგრამ რეალურად სამხედრო ძალა ან აღჭურვილობა გადააქვს სირიაში, საქართველოს საჰაერო სივრცეზეც გაივლის. “როიტერსის” მიერ გამოქვეყნებული საჰაერო მარშრუტი იხილეთ ქვემოთ:

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სადაც განგვიცხადეს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხომალდებისთვის არცერთი ნებართვა უწყებას არ გაუცია.

“რაც შეეხება სამოქალაქო თვითმფრინავებს, ეს ჩვენი უწყების კომპეტენცია არ არის”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს აერონავიგაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან ადასტურებს, რომ ავიაკომპანია Cham Wings Airlines ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით:

“გიდასტურებთ, რომ 2015-2018 წლებში სირიული ავიაკომპანია Cham Wings Airlines ახორციელებს ტრანზიტულ ფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით, სამოქალაქო ავიაკომპანიებს, რომლებიც კვეთენ საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტულად, “საქაერონავიგაციისთვის” წინასწარ აქვთ მიწოდებული საფრენოსნო გეგმა, რომელიც თავის მხრივ დადასტურებულია საჰაერო ნავიგაციის ევროპული ორგანიზაციის, Eurocontrol-ის მიერ, რომლის სათავო ოფისი ბრიუსელში მდებარეობს”, – ნათქვამია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-სთვის მიცემულ წერილობით კომენტარში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი