ახალი ამბები

ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათით უკანონოდ სარგებლობაზე მერია სანქციებს ამკაცრებს

17 აპრილი, 2018 • 3288
ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათით უკანონოდ სარგებლობაზე მერია სანქციებს ამკაცრებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათიანი ბარათების უკანონო გამოყენებაზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

როგორც კომპანიაში განამრტავენ, ეს გადაწყვეტილება მერიამ 13 აპრილს მიიღო და სწორედ ამ დღიდან, იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება შეღავათიანი ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენება, ბარათს 6 თვით დაბლოკავენ.

“პირი, რომელიც არასწორად გამოიყენებს შეღავათიან ბარათს და ამას ნახავს ჩვენი კონტროლიორი, გარდა იმისა, რომ ამ ფაქტის გამო მას დაეკისრება ჯარიმა (5 ლარი) , აღნიშნული ბარათი ჩამოერთმევა და ავტომატურად მოხდება ამ ბარათის დაბლოკვა. ბლოკი არის 6-თვიანი. ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად მოხდება ბლოკის მოხდა და მისი გამოყენება უკვე შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ბარათს მხოლოდ სამგზავრო ფუნქცია ებლოკება, თუმცა, ბარათის ფიზიკურად ჩამორთმევა არ მოხდება. მაგალითისთვის, მფლობელი ამ ბარათს, როგორც პენსიონერის მოწმობას, დაბლოკვის შემდეგაც გამოიყენებს, მაგრამ ვერ ისარგებლებს გადაადგილების საშუალებისთვის,” – გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს ჯარიმა დაეკისრება და ბარათი დაიბლოკება, ჯარიმის გასაჩივრება შესაძლებელია.

თუკი ჩაითვალა, რომ ეს ჯარიმა იყო უკანონო, ამ შემთხვევაში გასაჩივრებიდან არაუგვიანეს 4 დღეში ასეთი სამგზავრო ბარათი განიბლოკება და ბარათის მფლობელს ჩვეულებრივად შეეძლება მისი განკარგვა,”

როგორც კომპანიაში ხსნიან, აღნიშნულ ცვლილებამდე ბარათის უკანონოდ სარგებლობისთვის სანქციის სახით 5-ლარიანი ჯარიმა და ბარათის ჩამორთმევა იყო, თუმცა ბარათის სამგზავრო ფუნქცია არ იბლოკებოდა და მფლობელს მისი დაბრუნება 10 დღის ვადაში შეეძლო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღესდღეობით, შეღავათიანი ბარათებით სარგებლობენ: სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები, სკოლის მასწავლებლები,  9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები და დაღუპულთა ოჯახის წევრები, პენსიონერები, უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, სკოლის მანდატურები, უსინათლო პირები, ვეტერანები, უბნის ინსპექტორები და სკოლის მოსწავლეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი