გადაადგილების თავისუფლების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდზე ჰუმანიტარული საკითხების ჯგუფში იქნება განხილული.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევნ ციხელაშვილმა, რომელიც ქართული მხარის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ცენტრალური თემა რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა იქნება.
„ჩვენი ჯგუფის ერთი-ერთი მთავარი თემაა დევნილების დაბრუნების საკითხი და ის რჩება დღის წესირგში. მორიგი რაუნდზე, ასევე, იქნება მსჯელობა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის პრობლემაზე. ამასთან, ჩვენ ჟენევაში მივდივართ საქმიანი განწყობით და ძალაში ვტოვებთ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების შეთავაზებას, მათ შორის ახალგორის რაიონისთვის გაზის მიწოდების თაობაზე, რაც მოსახლეობას ცხოვრების პირობებს შეუმსუბუქებს“, – მინისტრის პირველი მოადგილის კომენტარს თავად უწყება ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მავთულხლართების გავლება საოკუპაციო ძალებმა 2011 წლის აპრილის თვეში დაიწყეს, შსს–ს ინფორმაციით, მისი ინტენსიფიკაცია 2013 წლის თებერვლში შიდა ქართლის რამდენიმე სოფელში მოხდა.