როგორ გეგმავს შსს რელიგიური გრძნობების დაცვას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინიცირებული ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დაემატოს მუხლი, რომელიც ეხება ადამიანის რწმენის და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლას. ამ მუხლს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევს და პარლამენტს მისი არმიღებისაკენ მოუწოდებს.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობისთვის ხელის შეშლა გამოიხატება:

 

ა) რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან/და სხვაგვარი დამამცირებელი ქმედება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას;

 

ბ) ღვთისმსახურების ან/და სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლაში;

 

გ) რელიგიური შუღლის და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვაში ან/და ამგვარი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებაში;

 

დ) რელიგიური შენობების და სხვა სიწმინდეების წაბილწვაში, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთებაში ან/და მათ დაზიანებაში;

   

ცვლილებების პროექტის მიხედვით, ამ მუხლის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან 500 ლარამდე, ხოლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე ან/და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

 

თათული თოდუა
თათული თოდუა

“ამ ნორმის მიხედვით, ჯარიმას დაექვემდებარება მღვდელმსახურების თუ მორწმუნეების კრიტიკა და სიძულვილის გამოხატვა, მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ეს არის ძალიან ფართო, სუბიექტური ტერმინები და დიდი დარტყმის ქვეშ აქცევს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ შეიძლება მივიღოთ სიტუაცია, როდესაც შეუძლებელი გახდება რომელიმე რელიგიური ინსტიტუტის ჯანსაღი კრიტიკაც კი. ამიტომ, ამ მხრივ, ჩვენში ეს კანონპროექტი სერიოზულ წუხილებს იწვევს და გამოხატვის თავისუფლების პერსპექტივიდან აბსოლუტურად მიუღებელია ამ ნორმის მიღება. ჩვენი მოწოდება პარლამენტის მიმართ იქნება, რომ არ გაიზიაროს ეს ჩანაწერი. ზოგადად, მთავრობის და შს სამინისტროს მიმართ ჩვენი მოწოდება იქნება ის, რომ პატივი სცენ საზოგადოებას, მოაწყონ დისკუსიები, წინასწარი კოსნულტაციები, გაიაზრონ, რომ ეს არის სეკულარული სახელმწიფო, რომლის მშენებლობაშიც მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა”, – “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს თათული თოდუა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

 

“ნეტგაზეთი” კანონპროექტის ავტორის, შსს–ს არგუმენტებითაც დაინტერესდა, თუმცა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ კომენტარზე უარი განგვიცხადა.

 

თათული თოდუა იხსენებს, რომ ადმინისტრაციულ კოდექსში შსს–ს მიერ თავდაპირველად ინიცირებულ ცვლილებებში ზემოხსენებული მუხლი არ ფიგურირებდა და ის მოულოდნელად მეორე საპარლამენტო მოსმენის დროს გაჩნდა:

 

“პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ თვითონ პროცედურის საკითხი, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვენლოვანია და მიუთითებს იმაზე, თუ როგორ ეპყრობა ხელისუფლება ასეთ სენსიტიურ საკითხებს და როგორ წარმოუდგენია განხილვის ფორმატი და მიიჩნევს თუ არა საზოგადოებას პარტნიორად ამ პროცესში. აქ სისწრაფის ნაცვლად მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საკითხები გულდასმით იქნას განხილული საჯარო დისკუსიების მეშვეობით, თუმცა კანონპროექტში ინიცირებულ ცვლილებებში ეს მუხლი საერთოდ არ იყო მითითებული და ის მხოლოდ მეორე მოსმენისას გაჩნდა. ასევე, განმარტებით ბარათში არ ჩანს არანაირი დასაბუთება და არგუმენტაცია. მეორე მოსმენაზე ამ მუხლის გამოჩენა უკვე ძალიან ცოტა დროს ტოვებს ჩართვისთვის, ამიტომ სასწრაფო რეაქციაა საჭირო საზოგადოების მხრიდან.  იმედია, პარლამენტი დაფიქრდება და გადასინჯავს თავის გადაწყვეტილებას, ანუ უარს იტყვის მის შემოტანაზე”.

 

შალვა შავგულიძე
შალვა შავგულიძე

აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით შენიშვნები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტშიც აღმოაჩნდათ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ამ ცვლილებების განხილვა იურიდიული კომიტეტის ინიციატივით გადაიდო იმ მოტივით, რომ მოხდეს შედარება სისხლის სამართლის კოდექსთან, რათა ადგილი არ ჰქონდეს დუბლირებას და არ იქნას ასახული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ის, რაც დანაშაულის სახით უკვე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში.

 

კითხვას, ეთანხმება თუ არა კანონპროექტის წარმოდგენილ ვარიანტს, შავგულიძე პასუხობს:

 

„რომ არ ვეთანხმებით ბოლომდე, ამიტომაც გადავდეთ განხილვა. ვიმეორებ, გარკვეული მუხლების ფორმულირება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა დეფინიცია ძალიან გავდა თავისი შინაარსით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დეფინიციებს, სწორედ იმ მოტივით, რომ არ იყო საკითხი ამომწურავად გათვალისწინებული და შედარებული, სწორედ მე შევთავაზე სამინისტროს გადადება.“

 

იმაზე, რომ რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსით უკვე გათვალისწინებულია, თათული თოდუაც საუბრობს, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება:

 

“სისხლის სამართლის კოდექსით მართლაც არის გათვალისწინებული რამდენიმე მუხლი, თუმცა ეს არის ძალიან სერიოზულ შემთხვევებზე, მაგალითად, რელიგიური რიტუალისათვის ხელის შეშლა მაშინ არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, თუ ის ხდება ძალადობით ან ძალადობის მუქარით. შემოთავაზებულ ტექსტში [ტერმინი ძალადობა] ეს უკვე ამოვარდნილია. გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგოდ არაფერი წერია, განსხვავებით ამ კოდექსში შესატანი ნორმისაგან”, – ამბობს თოდუა და დასძენს, რომ თუ პარლამენტი შსს–ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ნორმას დაამტკიცებს, მოქალაქეები შესაძლოა სოციალურ ქსელებში რომელიმე სასულიერო პირის კრიტიკის გამოც კი დააჯარიმონ.

 

“კანონპროექტი იყენებს ასეთ ტერმინს: რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის სამღვდელო პირის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯარო გამოხატვა. სიძულვილი ძალიან სუბიექტური კატეგორიაა და კრიტიკაც შეიძლება აღქმული იყოს ასეთად”.

 

იურისტის განცხადებით, კანონმდებლობაში არავითარი მექანიზმი არ არის ჩადებული, რომელიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დაიცავს ზემოხსენებული მუხლის სანქციებისაგან, ამიტომ, მისი თქმით, ერეკლე დეისაძეს ამ ნორმის პირობებში რომ დაეწერა თავისი წიგნი “საიდუმლო სირობა”, შესაძლოა დაეჯარიმებინათ.

 

“პროექტში საუბარია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე და რომ გავიხსენოთ ერეკლე დეისაძის წიგნი, შესაძლოა ავტორს თავისუფლად დაკისრებოდა ამ ნორმის პირობებში ჯარიმა ან სხვა რაიმე სანქციებისკენაც გახსნოდა ხელი ხელისუფლებას”, – ამბობს საიას იურისტი და დასძენს, რომ ძალიან ბუნდოვანი ადამიანის დაჯარიმების პროცესი, ანუ იმის განსაზღვრა, რა სახის საჯარო განცხადების გამო შეიძლება დაჯარიმდეს პირი.

 

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ საზოგადოებას განუმარტოს, რომელ რელიგიურ ორგანიზაციებთან გაიარა კონსულტაციები ამ მუხლის მომზადებისას და ხომ არ ჰქონდა ადგილი მხოლოდ ერთი რელიგიური ინსტიტუტის, მართლმადიდებელი ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი .