“ქალთა მოძრაობა” სახელმწიფსგან ფემიციდის აკრძალვას მოითხოვს პეტიციით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. როგორც პეტიციის ავტორები განმარტავენ, ამის აუცილებლობა საქართველოში ქალთა მკვლელობების გახშირებულმა ფაქტებმა გამოიწვია.

პეტიციის ხელმომწერები სახელმწიფო უწყებებს შემდეგი მოთხოვნებით მიმართავენ:

საქართველოს პარლამენტს – მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში- უვადო პატიმრობა

პროკურატურას –სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს – დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს  ფემიციდის თავიდან აცილება.

საქართველოს პრეზიდენტს – არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

 “ეს მკვლელობები ჩვეულებრივი მკვლელობები არ არის. ქალებს სწორედ იმიტომ კლავენ, რომ ისინი ქალები არიან – ასეთ მკვლელობას ფემიციდი ჰქვია. ფემიციდი სხვა მკვლელობისაგან განსხვავდება. ხშირად ფემიციდის დროს მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალს სიკვდილით სჯის ისეთი საქციელისთვის, რომელიც ქალს არ შეეფერება მისი ქალობის/გენდერის გამო; ზოგჯერ მკვლელი მიიჩნევს, რომ ქალის მკვლელობით აღიდგინა საკუთარი ღირსება. ფემიციდი თავისი არსით დისკრიმინაციული დანაშაულია, ეს არის ქალების სიკვდილით დასჯა “ცუდი ქალობისათვის,” – ნათქვამია პეტიციაში.