ახალი ამბები

რუსეთში გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ბოროდინი დაიღუპა

16 აპრილი, 2018 •
რუსეთში გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ბოროდინი დაიღუპა

“რადიო თავისუფლების” ცნობით, რუსეთში გამომძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ბოროდინი დაიღუპა. ბოროდინი მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა 12 აპრილს მოხდა.

ჟურნალისტი 32 წლის იყო, იგი საავადმყოფოში 15 აპრილს გარდაიცვალა ისე, რომ გონზე არ მოსულა. მის სიკვდილს თვითმკვლელობის მუხლით იძიებენ.

პოლიციის განცხადებით, ბოროდინის სახლის კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი და არ არის არავითარი ნიშანი, რომ ბინაში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციის ინფორმაციითვე, სახლის გასაღები ბინაშივე იპოვეს, ბინაში არ უპოვიათ რაიმე სახის წერილი, რომელიც ბოროდინმა დაწერა სიკვდილის წინ.

“ახალი დღის” რედაქტორ პოლინა რუმიანცევას არ სჯერა, რომ ბოროდინმა თავი მოიკლა. ბოროდინი “ახალი დღის” ჟურნალისტი იყო. მისი კიდევ ერთი მეგობარი ვიაჩესლავ ბაშკოვი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, რომ ბოროდინი 11 აპრილს, გამთენიისას, 5 საათზე დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი ბინის შენობასთან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ კამუფლიაჟით. მისივე თქმით, უსაფრთხოების სამსახური მისი ბინის ჩხრეკას აპირებდა და სასამართლოს ორდერს ელოდებოდა. ბოროდინმა ბაშკოვს იურისტის მოძებნა სთხოვა.

ბაშკოვის თქმით, ერთი საათის შემდეგ ბოროდინი კვლავ დაუკავშირდა და უთხრა, რომ ცდებოდა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები თავიანთ სამუშაოს ასრულებდნენ.

ბოროდინი რეგულარულად წერდა დანაშაულის და კორუფციის შესახებ. ბოლო კვირების განმავლობაში სირიაში მებრძოლი რუსი სამხედრეობის დაღუპვის შესახებ წერდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი