ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნების წაგება არცერთი სცენარით არ გვემუქრება

13 აპრილი, 2018 • 1491
ირაკლი კობახიძე: საპრეზიდენტო არჩევნების წაგება არცერთი სცენარით არ გვემუქრება

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” ყველანაირი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოიგოს.

ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ 13 აპრილს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“არცერთი სცენარით ჩვენ არ გვემუქრება არჩევნების წაგება. პირიქით, ქართულ ოცნებას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ჩვენს პროგნოზებში არ ვცდებით ხოლმე, ასე მოხდა 2016 წელს, ასე მოხდა 2017 წელს, მათ შორის, როცა საქმე ეხებოდა თბილისის მერის არჩევნებს და ჩვენ ამ პროგნოზში არ შევცდებით არც ახლა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია.

“ჯერ რაღაც მონახაზები, გამოკვეთილი კანდიდატები არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც კი რაიმე პროგრესი გვექნება, მაშინვე გაცნობებთ ამის შესახებ,”  -განაცხადა მან.

ჟურნალისტებთა საუბრისას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატად შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის სცენარია:

“ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარი. მათ სურთ გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ, ბუნებრივია, ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ ეს ყველაფერი გააფორმონ, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა. ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოჰყვა, ასევე გიორგი მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება. ეს არის მარტივი სცენარი,” – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი