ახალი ამბებიეკონომიკა

ახალი დეტალები კახეთში აეროპორტის შესაძლო მშენებლობაზე

13 აპრილი, 2018 • 3308
ახალი დეტალები კახეთში აეროპორტის შესაძლო მშენებლობაზე

რამდენად რეალისტურია აეროპორტის იდეა კახეთში, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ისაუბრა და უშლის თუ არა ხელს მსგავს პროექტს “ტავ ჯორჯიასთან” არსებული ხელშეკრულება?

“ნეტგაზეთი” ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადა, რომ კახეთს ცალკე აეროპორტი სჭირდება. 25 მარტს მან განაცხადა, რომ კერძო სექტორთან პარტნიორობით კახეთში პირდაპირი და ჩარტერული რეისები განხორციელდება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემდგომში შესაძლოა რეგულარული რეისებიც დაინიშნოს.

“ნეტგაზეთის” მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე კახეთის აეროპორტის კონცეფციასა და ადგილის შერჩევაზე ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შ.პ.ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუშაობს.  უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, კონცეფიციაზე მუშაობა გულისხმობს იმის გარკვევასაც, თუ სად აშენდება და რა სახის იქნება აეროპორტი. აეროპორტების გაერთიანებაში ჯერ ვერ ასახელებენ თარიღს, როდის დასრულდება კონცეფციაზე მუშაობა და სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

“ტავ ჯორჯიას” პოზიცია

“ტავ ჯორჯია” თურქული “ტავ და ურბანის” მიერ დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის გარდა, ტავ ჯორჯიას ინფორმაციით,  55 მლნ ლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტში განახორციელეს. ტავ ჯორჯიასთან მოქმედი კონტრაქტით, შპს ”ტავ-ურბან საქართველო” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას 2027 წლამდე განახორციელებს.

ხელშეკრულებაში არსებობს პირობა, რომ ვიდრე “ტავ ჯორჯია” თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს, საქართველოს მთავრობას 150 კილომეტრის რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება “ტავთან” შეთანხმების გარეშე არ აქვს.

რას ფიქრობს “ტავ-ჯორჯია” კახეთში აეროპორტის შესაძლო გახსნაზე? კომპანიამ, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველია, ნეტგაზეთს წერილობით აცნობა, რომ “ტავ ჯორჯია” კახეთში ახალი აეროპორტის მშენებლობითა და ოპერირებით დაინტერესებული არ არის.

“ჩვენთვის, როგორც წამყვანი ინვესტორი კომპანიისთვის, ქართული ავიაციის განვითარება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას რეგიონალური აეროპორტების განვითარებაში, რაც ამ შემთხვევაში კახეთის რეგიონში ახალი აეროპორტის აშენებას გულისხმობს,”-აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა რეგიონალური აეროპორტების განვითარებაში ხელშეწყობა, თუ კახეთში მთავრობა საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს და ექნება თუ არა ტავ ჯორჯიასგან” თანხმობა- კომპანიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ რადგან ამ ეტაპზე კონცეფციაზე მუშაობა არ დასრულებულა და არ არის გარკვეული, რა ტიპის აეროპორტზეა საუბარი, ამ ეტაპზე ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია.

რისთვის სჭირდება საქართველოს აეროპორტი კახეთში?

კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ აეროპორტის საკითხი დღის წესრიგში დადგა რეგიონში ტურიზმის სექტორის განვითარების გამო. მისი თქმით, სად აშენდება ახალი აეროპოტი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ადგილის შერჩევა მიმდინარეობს.

კითხვაზე, რა ტიპის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მსჯელობს მთავრობა, კახეთის გუბერნატორი ამბობს, რომ აეროპორტი როცა იქნება, ის საერთაშორისო ფრენების მიღებაზეც იქნება გათვლილი.

“აეროპორტის საკითხზე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ჯერ ხდება პროექტის დამუშავება – რა ტიპის აეროპორტი უნდა იყოს და რა ტიპის ავიარეისებს უნდა მოემსახუროს. პირველ ეტაპზე განიხილება, სად არის შესაბამისი სანავიგაციო პირობები, სატრანსპორტო მდგომარეობა როგორი იქნება და ა.შ. ის რეგულაციები, რაც ზოგადად აეროპორტს სჭირდება, რომელიც მოემსახურება არა მხოლოდ შიდა რეისებს, არამედ პერსპექტივაში საერთაშორისო ფრენებისთვისაც იქნება განკუთვნილი,”-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კახეთში, თელავში არის საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი აეროპორტი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა.

“აეროპორტი მიმინო” სასწავლო აეროპორტია, სადაც დღესაც ხორციელდება სასწავლო დანიშნულების ფრენები. აეროპორტს შეუძლია მცირე ზომის თვითმფრინავების მიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია უფრო დიდ აეროპორტზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ აეროპორტზე, რომელსაც საერთაშორისო რეისების შესრულებაც უნდა შეეძლოს. კონკრეტული ლოკაცია, სად იქნება ეს აეროპორტი, ჯერ უცნობია. შესწავლა მიმდინარეობს. ამ პროცესში შეიძლება განხილული იყოს როგორც თელავის აეროპორტი, ასევე სხვა ლოკაცია კახეთის რეგიონში,”-აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

კახეთში აერპორტის საკითხი 2014-15 წლებში “ტავ-ჯორჯიამ” ჩააგდო – შიოლაშვილი

როგორც კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა და პარლამენტის წევრმა ირაკლი შიოლაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, კახეთში საერთაშორისო აეროპორტის გაკეთება 2014-2015 წლებშიც იგეგმებოდა. მისი განცხადებით, იმ პერიოდში სახელმწიფო ახალი აეროპორტის მშენებლობას არ გეგმავდა, საუბარი თელავში უკვე არსებული აეროპორტის ტერიტორიის ათვისებას შეეხებოდა. შიოლაშვილი ამბობს, რომ 2015 წლის ბოლოს კახეთის რეგიონში საერთაშორისო აეროპორტის  საკითხზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ამის მიზეზად ყოფილი გუბერნატორი “ტავ ჯორჯიას” ფაქტორს ასახელებს.

“საკითხი დადგა, რომ კახეთში გახსნილიყო ისეთივე ტიპის აეროპორტი, როგორი აეროპორტიც ქუთაისშია, და განხორციელებულიყო დაბალბიუჯეტიანი ფრენები. თუმცა ამ განხილვების დროს ტავ ჯორჯიასთან წინა ხელისუფლების  მიერ დადებული ხელშეკრულებით შეუძლებელია კახეთში საერთაშორისო აეროპორტის აშენება 2027 წლამდე, რადგან ხელშეკრულების მიხედვით, 150 კმ რადიუსით, თან პირდაპირი გადაზომვით, არ უნდა იყოს საერთაშორისო აეროპორტი,”-აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.

კახეთის ყოფილი გუბერნატორის თქმით, “ტავ ჯორჯიამ” უარი საკუთარი ბიზნესინტერესებისდან გამომდინარე თქვა.

“მე შევთავაზე, რომ იქნებ ტავ ჯორჯიამ მოისურვოს და თვითონ მან გააკეთოს აეროპორტი. შემდეგ ოფიციალური უწყებებიდან პასუხი მივიღე, რომ კომპანიამ ამ ინიციატივაზე უარი თქვა. ტავ ჯორჯიამ მიზეზად დაასახელა ის, რომ ვისაც კახეთის რეგიონიდან ფრენა სურდა, ისინი თბილისის აეროპორტის მომხმარებლები იყვნენ. ანუ მათთვის ახლის გაკეთების საჭიროება არ იდგა და ფულს არ დახარჯავდნენ იმ სეგმენტის მომსახურეობაში, ვინც ისედაც მათი მომხმარებელი იყო,”-აცხადებს ირაკლი შიოლაშვილი.

Google Map-ის მიხედვით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დედოფლისწყარომდე მანძილი არაპირდაპირი გადაზომვით 156 კმ-ია,  ლაგოდეხამდე მანძილი- 165 კმ, ხოლო თელავამდე- 102 კმ.

ეკონომისტი გიორგი პაპავა ამბობს, რომ თუ კახეთის აეროპორტში ქუთაისის მსგავსად დაბალბიუჯეტიანი კომპანიების მოზიდვას შეძლებს სახელმწიფო და ევროპისკენ  ახალი მიმართულებები დაემატება, მაშინ კახეთის აეროპორტის ინიციატივა საინტერესო იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი