ახალი ამბები

რუსეთში Telegram-ის აპლიკაცია დაიბლოკება

13 აპრილი, 2018 • 2158
რუსეთში Telegram-ის აპლიკაცია დაიბლოკება

მოსკოვის სასამართლომ მარეგულირებლი უწყების მოთხოვნით Telegram-ის აპლიკაციის დაუყოვნებლივ დაბლოკვაზე თანხმობა გასცა. ამის მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა, რომ აპლიკაციამ უარი განაცხადა, სახელმწიფო  ორგანოსთვის გადაეცა დაშიფრული მესიჯების წასაკითხად საჭირო კოდები. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც რუსეთის უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, მესიჯებზე წვდომა პოტენციური ტერორისტების გამოსავლენად სჭირდებათ. თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი სერვისი სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ მესამე პირებს მათი მომხმარებლის წერილებზე წვდომა არ ჰქონოდათ.

Telegram-ს  4 აპრილამდე უნდა გადაეცა დაშიფრული მესიჯების “გასაღები” რუსეთის სახელმწიფო სამსახურებისთვის.

Telegram-ის აპლიკაციას რუსეთსა და აზიაში ფართოდ იყენებენ. მას 200 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომელთა შორის დიდი ნაწილი აპლიკაციას სწორედ დაშიფრული მიმოწერის გამო იყენებს. კომპანიის განცხადებით, აპლიკაცია საშუალებას აძლევს ჯგუფს, რომელშიც 5.000-მდე ადამიანი შეიძლება გაწევრიანდეს, რომ დოკუმენტები, სურათები თუ ვიდეოები გააგზავნოს უფასოდ და სრული დაშიფრულობის გარანტიით.

რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც შარშან, 15 აპრილს პეტერბურგში მეტრო ააფეთქა, სწორედ ამ აპლიკაციას იყენებდა. თუმცა, როგორც ტელეგრამის ადვოკატი განმარტავს, მსგავსი ბრალდებები უსაფუძვლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი