ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში მომიტინგეებს მხოლოდ შეთანხმებული ლოზუნგების გახმიანების უფლება მისცეს

13 აპრილი, 2018 • 1594
ბაქოში მომიტინგეებს მხოლოდ შეთანხმებული ლოზუნგების გახმიანების უფლება მისცეს

ბაქოს პოლიციის მთავარმა განყოფილებამ, ხვალ, 2018 წლის 14 აპრილს, დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით მომიტინგეები გააფრთხილა. ოპოზიცია მიტინგზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაპროტესტებას გეგმავს.

როგორც აზერბაიჯანულ საინფორმაციო გამოცემა apa.az-ს განუცხადეს პოლიციიდან, მიტინგზე, რომელიც ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული, პროვოკაციებს არ დაუშვებენ.

“ჩვენ მოვიწვიეთ მიტინგის ორგანიზატორები ქალაქ ბაქოს მთავარ სამმართველოში. მათ გავაფრთხილებთ, რომ მიტინგზე მხოლოდ ის ლოზუნგები იქნება გახმიანებული, რომელიც მითითებული იყო ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი მიმართვაში აქციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არ დაიშვება რაიმე ნაბიჯები, რომელთაც შეიძლება არეულობა და წინააღმდეგობები გამოიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიტინგის ორგანიზატორები და კანონდამრღვევები კანონის ფარგლებში დაისჯებიან”.

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემით, დაახლოებით 86%-ით იმარჯვებს.

აზერბაიჯანის ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობენ, რადგანაც არჩევნები “საარჩევნო კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ფონზე გაიმართა”.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, აზერბაიჯანში პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5-დან 7 წლამდეა გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს, 2025 წლამდე კვლავ ქვეყნის ლიდერი იქნება.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ექვსი თვით ადრე, 2018 წლის 11 აპრილს დანიშნეს. ქვეყნის ხელისუფლებამ ასეთი მოულოდნელი ნაბიჯი პირველად გადადგა.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით, რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერდება.

ამავე თემაზე:

რატომ დანიშნა ალიევმა საპრეზინდეტო არჩევნები ექვსი თვით ადრე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი