ახალი ამბები

ქართული საბანკო სისტემა მთელ მსოფლიოში გამორჩეულია – ხაზარაძე ბახტაძის განცხადებაზე

13 აპრილი, 2018 • 9487
ქართული საბანკო სისტემა მთელ მსოფლიოში გამორჩეულია – ხაზარაძე ბახტაძის განცხადებაზე

“ქართული საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკის 60 პროცენტის დამფინანსებელია. ქართული საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემაა”, – ასე ეხმაურება TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას საბანკო სისტემასთან დაკავშირებით.

ხაზარაძის თქმით, საქართველოდან ორი ბანკი ევროპის 250 უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში შედის.

“ქართულმა საბანკო სისტემამ ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი შემოიტანა და მინდა გითხრათ, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას ყველაზე დაბალი განაკვეთი აქვს, რომელსაც კორპორაციებზე ვიძლევით”, – ამბობს ხაზარაძე და დასძენს, რომ ის საპროცენტო განაკვეთი, რომლითაც ისინი ქართულ კომპანიებს აფინანსებენ, ხშირ შემთხვევაში უფრო დაბალია, ვიდრე ის, რომლითაც ქართული კორპორაციები სესხებს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან იღებენ.

“სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო ქართული საბანკო სისტემაა. სამწუხაროა, რომ დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმები არ არსებობს. ქვეყანაში არ არის განვითარებული კაპიტალური ბაზარი. არ არსებობს საფონდო ბირჟა. არ არსებობს ფონდები… ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე საბანკო სისტემაზე გადადის. 3.5 მილიარდი აქვს TBC ბანკს ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში და ამას ვაგრძელებთ”, – თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ გააკეთა ფინანსთა მინისტრმა აღნიშნული განცხადება.

“ერთი რამ ვიცი, საბანკო სისტემა არის სენსიტიური თემა. თუ ჩვენ საბაზრო ეკონომიკაში ვართ, ეს ნიშნავს თავისუფალ კონკურენტუნარიან გარემოს. საბანკო სისტემა ძალიან კონკურენტუნარიანია. აქ წარმოდგენილია 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკი. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალური ბაზარი და ის ადგილები, სადაც ალტერანტიული დაფინანსებები შეიქმნება. საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ეს არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას…

მივესალმებით ყველა იმ წამოწყებას, სადაც მცირე ბიზნესს, სტარტაპებს მიეცემათ საწყისი კაპიტალი, მაგრამ ეს უნდა მოხდეს გამჭვირვალე პირობებში, რომ გადასახადების გადამხდელების ფული არ გაიფლანგოს.

სახელმწიფო ზოგადად არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში არის ცუდი მენეჯერი, აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კერძო სექტორის საშუალებით. საბანკო იქნება ეს თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.”, – თქვა ხაზარაძემ.


ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი არ უნდა იყოს და დღესდღეობით ბანკები არ ასრულებენ ეკონომიკის მამოძრავებლის ფუნქციას.

„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, – “ინტერპრესნიუსის” ცნობით, განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მინისტრმა დღეს, 12 აპრილს, ტექნოპარკში, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმა” დააანონსა, რომელსაც მთავრობა გეგმავს.

ტელეკომპანია “იმედისთვის ” მიცემულ ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმაზე” ისაუბრა. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთი მეწარმეებისთვის იმდენად მაღალია, რომ ისინი საკუთარი ბიზნეს იდეის განსახორციელებლად უარს ამბობენ სესხის აღებაზე.

“დღეს გვაქვს  ვითარება, რომ მეწარმე, როდესაც მიდის ბანკში სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი კაპიტალი. თუ მას ეს კაპიტალი არ აქვს, ბევრი ძალიან კარგი იდეა ვერ ხორციელდება და ვერ ხდება სიცოცხლისუნარიანი, ასევე, არის შემთხვევები, როცა პროექტი შეიძლება აკმაყოფილებდეს სტანდარტს, თუმცა არსებული საპროცენტო განაკვეთებიდან გამომდინარე, იმდენად მაღალია საპროცენტო ხარჯი, რომ მეწარმე ხშირად უარს ამბობს სესხის აღებაზე,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმით მთავრობა გეგმავს დაეხმაროს იმ მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომელთა იდეა კომერციული ბანკებს მოეწონებათ, თუმცა საკმარისი კაპიტალის [თანამონაწილეობის] არარსებობის გამო სესხის აღებაზე უარს ეტყვიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი