ახალი ამბები

მე–13 პოლიკლინიკის და “შუა ქალაქის” ექიმები ინვესტორის წასვლას ითხოვენ

29 ოქტომბერი, 2013 •
მე–13 პოლიკლინიკის და “შუა ქალაქის” ექიმები ინვესტორის წასვლას ითხოვენ

აქციაში ჯანდაცვის პროფკავშირის წარმომადგენელი ჯონი ჯანაშიაც მონაწილეობდა. 

 

ექიმები და პროფკავშირები “შუა ქალაქში” ინვესტორის წარმომადგენლის, ლაშა მიქაუტაძის შესვლას აპროტესტებენ. კლინიკა “შუა ქალაქის” ექიმის, მარინა ელიზბარაშივილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ “შუა ქალაქი” და მე–13 პოლიკლინიკა ერთ ლოტად 2012 წლის 20 ნოემბერს გაყიდა: 

საპროტესტო აქცია ოპერასთან
საპროტესტო აქცია ოპერასთან

“ეს ლოტი ინვესტორმა კახა ლომიძემ 1 მილიონად იყიდა, თუმცა მას ჯერ თანხა გადახდილი არ აქვს და ვადა 2013 წლის 1 დეკემბერს ეწურება. მისი ინიციატივით, “შუა ქალაქში” დირექტორის თანამდებობაზე ლაშა მიქაუტაძე დაინიშნა. ჩვენ მიქაუტაძეს არ ვუშვებთ კაბინეტში. ავჭედეთ კარი და კლინიკაში ვმორიგეობთ.” 

 

მარინა ელიზბარაშვილის ინფორმაციით, ინვესტორს კლინიკის შენობის იპოთეკით დატვირთვა სურს, რადგან ფულს ვერ იხდის:”საპროტესტო აქციებს იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ინვესტორი კლინიკიდან არ გავა.”

 

ჯანდაცვის პროფკავშირების ხელმძღვანელის, ჯონი ჯანაშიას განცხადებით, ინვესტორის წარმომადგენელმა კლინიკიდან 20 თანამშრომელი უმიზეზოდ გაუშვა:”მოსვლისთანავე ლაშა მიქაუტაძემ კლინიკიდან ახსნა–განმარტების გარეშე თანამშრომლები გაუშვა. ახლა გადასახდელია კომუნალური გადასახადები, მან ეს თანხა არ გადაიხადა და კლინიკას გაეთიშება შუქი და საბოლოოდ ჩაიშლება პაციენტების მკურნალობის პროცესი. ამ ფონზე ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვთ, რომ შემოვიდეს მონიტორინგის სამსახური და აიღოს კლინიკის მართვის სადავეები.”  

მასალების გადაბეჭდვის წესი