საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2012 წლამდე სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ მეტწილად ლოიალური იყო.
დღეს, 12 აპრილს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა Freedom House-ის მიერ 11 აპრილს გამოქვეყნებული ანგარიში და ტენდენციურობაში დაადანაშაულა. სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ:
“ასევე, გაკვირვებას იწვევს უცვლელი რეიტინგი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში. თუ 2012 წლამდე სამოქალაქო საზოგადოება იყო მეტწილად ლოიალური ხელისუფლების მიმართ, 2012 წლის შემდეგ მისი დამოკიდებულება ოპოზიციურობისკენ შეიცვალა, რაც დადებითად უნდა ასახულიყო შესაბამის რეიტიგზე, თუმცა კვლევის ავტორებმა ამ შემთხვევაშიც ტენდენციურობა გამოავლინეს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.