ახალი ამბები

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ამოცანა ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა – სუს-ი

10 აპრილი, 2018 • 1728
უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ამოცანა ანტიდასავლური განწყობების გაღვივებაა – სუს-ი

“ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღსა და მასალების შესაძლო გავრცელებას” – განაცხადა სუს-ის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილმა საკომიტეტო განხილვაზე.

10 აპრილს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის 2017 წლის ანგარიშზე ისაუბრა.

ლილუაშვილმა ისაუბრა “ჰიბრიდული ომის” შესახებ და საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ამოცანებზე, თუმცა არც კომიტეტის სხდომის საჯარო ნაწილზე და არც მედიასთან საუბრისას არ უსაუბრია, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობდა და რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ამასთან საბრძოლველად.

“კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოში უცხო ქვენების სპეცსამსახურების ძირითად ამოცანებს ქართულ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უნდობლობის, გაურკვევლობის, უიმედობისა და ნიჰილიზმის გაჩენა, ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დესტაბილიზაციის კერების შექმნა წარმოადგენს. საკუთარი ამოცანების შესასრულებლად სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ „ჰიბრიდული ომის“ ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც, პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და დეზინფორმაციის კომპონენტების, კიბეროპერაციებისა და ცალკეული კიბერშეტევების, დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოებრივ-პოპულისტური გაერთიანებების გამოიყენებით, სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ,”- განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ანგარიში ასევე ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს:

“ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაცია ინსტიტუციონალურ დონეზე სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. სუვერენიტეტს ეტაპობრივად აუქმებს. საოკუპაციო ძალები და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად ახორციელებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ დისკრიმინაციას, რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიხატება“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა და აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გალში 10, ხოლო ერგნეთში 11 შეხვედრა გაიმართა, სადაც მუდმივად განიხილებოდა სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიასა და ცხინვალის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული დავით ბაშარულის საქმეები.

მასალების გადაბეჭდვის წესი