მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა არგენტინელი ლიონელ მესი ორგანიზაციის საპატიო ელჩად დაასახელა და არგენტინელ ვარსკვლავს შესაბამისი მოწმობაც გადაეცა.
“ბარსელონის” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, შეხვედრა კამპ ნოუზე 7 მარტს გაიმართა. კლუბის ცნობით, ლიონელ მესი ღირსშესანიშნავი ღონისძიებების, მსოფლიო ტურიზმსა და მდგრადი განვითარების მიზნებს გაუწევს პოპულარიზაციას, მათ შორის მასმედიის საშუალებით.
“გაერთიანებული ერების ეს ორგანიზაცია მუშაობს ტურიზმის განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ამ პროცესში მონაწილეობას მივიღებ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვმოგზაურობ, საშუალება მეძლევა, გავეცნო სხვადასხვა კულტურებს და საზოგადოებებს. მჯერა, მსოფლიოს შეცნობის გზები კიდევ უფრო გამდიდრდება,” – განაცხადა ლიონელმ მესიმ.
მესი შეუერთდა ვეტერან ფეხბურთელ ფერნანდო იეროს და ცნობილ ფეხბურთის მწვრთნელ ვისენტე დელ ბოსკეს, რომლებიც ასევე მსოფლიო ტურიზმის განვითარეიბს პროცესში მონაწილეობენ.
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, მესიმ უნდა გააგრძელოს პოზიტიური ღირებულებების გაზიარება და რეალური სარგებლის მიღება, რომელსაც ტურიზმი იძლევა ყველა ადამიანისათვის.
“მესი უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენი. ის არის მაგალითი თავდაუზოგავი შრომისა და წარმატების. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იგი შემოუერთდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიზნებს,” – განაცხადა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა.
ფეხბურთის არგენტინელი ვარსკვლავი აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტებშიც. ლიონელ მესი 2010 წლიდან გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩიც გახლავთ.