ახალი ამბები

არასამთავრობოები: მედიაგარემო პლურალისტულია, თუმცა პრობლემად დარჩა “საზ. მაუწყებელი”

26 ოქტომბერი, 2013 •
არასამთავრობოები: მედიაგარემო პლურალისტულია, თუმცა პრობლემად დარჩა “საზ. მაუწყებელი”

“სამართლიანი არჩევნების”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “საერთაშორისო გამჭირვალობა– საქართველოს” მიერ შემუშავებული შეფასების მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის უკანონოდ ხელშეშლის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ მიუხედავად ამ გაუმჯობესებისა, პრობლემები რჩება მედიასაშუალებების დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური ზეგავლენისაგან განთავისუფლების თვალსაზრისით.

 

“2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში მსხვილმა მედიასაშუალებებმა, ძირითადად, დაბალანსებულად გააშუქეს კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანია. წინა წლებისგან განსხვავებით, ქართული მედია აღარ არის პოლარიზებული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, მედიასაშუალებები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, უმეტესწილად კანდიდატების განცხადებებს აშუქებდნენ, ჟურნალისტები კი იშვიათად უსვამდნენ კანდიდატებს კრიტიკულ კითხვებს, არ ახდენდნენ მათი დაპირებებისა თუ შემოთავაზებული პოლიტიკის სიღრმისეულ ანალიზს”.

 

ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის ხელის შეშლის ან ნებისმიერი ფორმით ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა.

 

“ათიდან ცხრა მოქალაქისათვის ინფორმაციის მიღების პირველი წყარო კვლავ ტელევიზიაა. წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებს დაუბრკოლებლად მიუწვდებოდათ ხელი მედიასაშუალებებზე, რომლებიც განსხვავებულად აშუქებდნენ კამპანიებს, რაც მოქალაქეებს კანდიდატებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა”.

 

არასამთავრობოების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების ორი რაუნდის გამართვის მიუხედავად, არხმა ვერ შეძლო საკუთარი მისიის შესრულება და წინასაარჩევნო კამპანიის სიღრმისეულად გაშუქება, რაც მაუწყებელში მიმდინარე ფინანსური და მენეჯმენტის კრიზისითაა გამოწვეული.

 

“აღნიშნული კრიზისი კი, თავის მხრივ, მაუწყებელში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ორმა მეურვემ დატოვა, რის შემდეგაც საბჭოს კვორუმი არ აქვს და მას არ შეუძლია გადაჭრას ფინანსური კრიზისი, ან აირჩიოს ახალი გენერალური დირექტორი. თავის მხრივ, ხელისუფლებამ არ გამოიძია საბჭოს წევრების განცხადებები მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი