ბათუმის ნავსადგურსა და „ალი და ნინოს“ ქანდაკებას შორის არსებული ტერიტორია [იახტკლუბი], აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ბრძანების საფუძველზე, 20 წლით სარგებლობაში „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „რივიერას“ 1 ლარად გადაეცა. ბათუმის იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიისა და უშუალოდ იახტკლუბის განვითარებას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული „თანაინვესტირების ფონდი“ გეგმავს. ამის შესახებ ფონდმა თავად განაცხადა.
ზურაბ პატარაძემ, გუშინ, 4 აპრილს, „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა იგეგმებოდა „იახტკლუბთან“ დაკავშირებით, განაცხადა, რომ „იგეგემება მხოლოდ იჯარით გაცემა. ამას განვიხილავთ იმისთვის, რომ იახტკლუბი გახდეს ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდეს იახტები ჩვენს რეგიონში… რატომ უნდა ჩამოვიდე ბათუმში – ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და ერთ-ერთი მიმართულება არის, რა თქმა უნდა, ეს“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რომელ კომპანიას გადაეცემა იჯარით და რა პირობებით? – მთავრობის თავჯდომარემ განაცხადა: „მე როგორც ვიცი, არის უკვე კონკრეტული კომპანია, განხორციელდება დიდი მოცულობის ინვესტიცია – 3 მილიონი დოლარი დაიხარჯება, ჯამში. ეს ყველაფერი, პირობები იქნება ნათელი და თქვენ შეიძლება ეს პირობები გაიგოთ. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რამდენი წლით იქნება იჯარა, შესაძლებელია ეს იყოს 10 წლის ვადით. ჩვენ გამოვნახავთ ყველაზე კარგ ვარიანტს, რაც მისაღები იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“.
მაშინ, როცა მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ზუსტად არ იცის რამდენი წლით იქნება იჯარა“, „ბათუმელებმა“ მოიპოვა ზურაბ პატარაძისავე ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორია მთავრობამ დაახლოებით 4 თვის წინ, 2017 წლის 12 დეკემბერს გასცა 20-წლიანი იჯარით. ქონების 1 ლარად იჯარით გაცემაზე ზურაბ პატარაძეს ბრძანება 2017 წლის 8 დეკემბერს აქვს გამოცემული.
ტერიტორია, რომელიც იჯარით გაიცა, სასეირნო ზოლია. თუ არაფერი შეიცვალა, ბრძანებაში წერია, რომ იჯარით გაცემულ საფეხმავლო ბილიკებზე სეირნობა სხვა პირებს არ შეეზღუდებათ. იმავე ბრძანების მიხედვით, მოქალაქეებს დაბრკოლება იჯარით გადაცემულ პლაჟზე წვდომის თვალსაზრისითაც არ უნდა შეექმნათ.
[blue_box]1 ლარად 20 წლით გასხვისებული ქონება და პირობები[/blue_box]
აჭარის მთავრობამ 20 წლით 1 ლარად გაასხვისა ბათუმის იახტკლუბთან არსებული 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8533 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მათ შორის საფეხმავლო ბილიკები, ნავმისადგომისა და პლაჟის [ე.წ. „პიშევიკებთან“] ნაწილი. ამ ტერიტორიაზე „სილქ როუდ ჯგუფი“ მთლიანობაში უკვე 63 939 კვ/მ მიწას ფლობს, აქედან 54 483 კვ/მ უშუალოდ მის საკუთრებაშია.
ამ ქონებას თუ 1 ლარად არ გაასხვისებდნენ, აჭარის მთავრობისვე შეფასებით, ტერიტორიის წლიური საიჯარო ქირა 380 094 ლარი იქნებოდა. ანუ ბიუჯეტში 7 მილიონ 601 ათას 880 ლარი შევიდოდა საიჯარო პერიოდში – 20 წლის განმავლობაში. ახლა, ამ პერიოდში, ქონებით სარგებლობისთვის მოიჯარე მხოლოდ 1 ლარს გადაიხდის და ვალდებული იქნება 2021 წლამდე ეტაპობრივად განახორციელოს 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებულ დოკუმეტით აჭარის მთავრობა მოიჯარე „რივიერას“ ჰპირდება, რომ 2037 წელს, თუ არ გამოჩნდება სხვა კომპანია ალტერნატიული და უკეთესი წინადადებით, „რივიერას“ გაუგრძელებენ საიჯარო ხელშეკრულებას.
„რივიერა“ ვალდებულია 2018 წლის სექტემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის განვითარების პროექტის შემუშავება და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება. ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი უნდა მოიცავდეს ნავსაყუდელს, იახტკლუბს რესტორნით, პლაჟს, მშრალ დოკს, სახელოსნოს, მცურავი საშუალებების ტიპებს [ნავი, იახტა და ა.შ.], მათ კლასსა და რაოდენობას.
[blue_box]„სილქ თაუერი“, „იახტკლუბი“ და „საპარტნიორო ფონდი“[/blue_box]
შპს „რივიერა“ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით, ვალდებულია 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე „მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.
ეს კი ის ტერიტორიაა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ [შპს „რივიერას“] საკუთრებაშია და სადაც კომპანიამ ჯერ „ტრამპ თაუერის“, მოგვიანებით კი „სილქ თაუერის“ აშენება დააანონსა. „სილქ თაუერის“ მშენებლობას ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდი“ დააფინანსებს. პროექტი მოიცავს „სილქ თაუერსა“ და „იახტკლუბის“ განვითარებას. ამ თანამშრომლობის შესახებ ინფორმაციაც საპარტნიორო ფონდმა თავად გაავრცელა.
„სილქ როუდ ჯგუფში“, გასულ წელს, ქონების იჯარით გადაცემამდე ერთი თვით ადრე, „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „პროექტი ხელს უწყობს რეგიონში იახტინგის/საწყალოსნო სპორტის განვითარებას, ასევე საზღვაო სფეროში განათლების მქონე პირების დასაქმებასა და დატრენინგებას, ხელს უწყობს რეგიონში განსხვავებული პროფილისა და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის ზრდას და იძლევა აღმოსავლეთ შავ ზღვაში პატარა, მაგრამ ხარისხიანი იახტ კლუბის სახით ტურიზმისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრის შექმნის შესაძლებლობას“.
მოიაზრება თუ არა ამ პროექტის ფარგლებში ბათუმის ნავსადგურისა და პორტის ადგილზე იახტკლუბის გაფართოება? – ამ კითხვაზე პასუხად გასული წლის ნოემბერში „სილქ როუდ ჯგუფიდან“ მოგვწერეს რომ:
„არსებული გეგმით გათვალისწინებულია მხოლოდ იატხკლუბის მიმდებარე და მომიჯნავე ტერიტორიების განვითარება და მოქცევა ერთიანი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი არ მოიცავს ბათუმის ნავსადგურისა და პორტის აკვატორიას“.
მათივე ინფორმაციით, „ამ ეტაპზე პროექტი მოსამზადებელ ფაზაშია, მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და არქიტექტურული კონცეფციის დაზუსტება. მშენებლობა 2018-ში დაიწყება და 2020-ში დასრულდება“.
[blue_box]მთავრობის ნაბიჯები „იახტკლუბის“ გასასხვისებლად[/blue_box]
ბათუმის ე.წ. იახტკლუბს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. 2017 წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა.
საუბარია ბულვარსა და ნავსადგურს შორის არსებულ 3211 კვ/მ ტერიტორიასა და ნავსაყუდელის ნაგებობაზე, რომელიც მთლიანობაში 923 კვ/მ-ია [რაც უკვე გაცემულია იჯარით „რივიერაზე“].
„იახტკლუბის“ მიმდებარედ 10 226 კვ/მ მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში უკვე აქვს შეტანილი [ჭაჭათაუერის მიმდებარე სკვერი]. ეს ტერიტორია, რეესტრის მიხედვით, ამ დროისთვის გასხვისებული არ არის.
2017 წლის 5 ოქტომბერს კი საქართველოს მთავრობამ აჭარას საკუთრებაში გადასცა 1736 კვ/მ ტერიტორია, უშუალოდ ნავმისადგომის ნაწილი „იახტკლუბთან“ [ესეც სარგებლობაში გადაეცა „რივიერას“].
მიწის ნაკვეთი „იახტკლუბის განვითარების მიზნით“ აჭარის მთავრობას გადასცა ბათუმის მერიამაც.
„იახტკლუბის მიმდებარედ მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მცირე ნაკვეთი გადავეცით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს [სამინისტრომ იჯარით გადასცა რივიერას – ავტ.]. რაც შეეხება ჭაჭის თაუერს, მისი გასხვისება არ იგეგმება“, – გვითხრეს გასულ წელს მერიის პრესსამსახურში.
ჭაჭის თაუერის გარდა, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „იახტკლუბთან“ მერიის საკუთრებაშია 7 038 კვ/მ ტერიტორია, რომელიც თაუერსა და ნავსადგურის შენობას შორის მდებარეობს.
[blue_box]სხვა საიჯარო პირობები[/blue_box]
მოიჯარემ პროექტით გათვალისწინებული ობიექტების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში უნდა დაასქმოს 20 [აქედან 90% საქართველოს] მოქალაქე და სარგებლობის ვადით უნდა შეინარჩუნოს იახტკლუბის პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა;
მოიჯარემ 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს შპს „ნავსაყუდელი 2015“-ს მიერ გემთმფლობელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების უცვლელად შენარჩუნება, ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე კი ამ ხელშეკრულებების არანაკლებ 70%-ისთვის ვადის გაგრძელება, ხოლო 2021 წლის პირველ იანვრამდე „მოიჯარის“ დადგენილი ტარიფის შესაბამისად, ასევე 70%-თან, ხელშეკრულების გაფორმება.
თუმცა, მთავრობა ათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან მოიჯარეს იმ შემთხვევაში, თუ „ნავსაყუდელი 2015“-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მონაწილეები უარს იტყვიან ახალი მოსარგებლის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან/და ნავსაყუდელის რეაბილიტაციის პროცესში ეტაპობრივად წარმოიშობა მისი ნაწილობრივ ან მთლიანად დახურვის აუცილებლობა[შესაბამისი ვადით];
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარე თითოეულ დარღვევაზე გადაიხდის დაახლოებით 380 ლარს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
მოიჯარეს უფლება აქვს ქონება ან მისი ნაწილი გადასცეს სხვა ქვემოიჯარეს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით;
ამავე თემაზე:
http://batumelebi.netgazeti.ge/news/103245/
http://batumelebi.netgazeti.ge/news/101988/