ამის შესახებ ორგანიზაცია “მართლმადიდებელთა კრებულის” წარმომადგენელმა ზაზა ნანობაშვილმა განაცხადა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, სადაც ID ბარათების მოწინააღმდეგეთა შეკრება იმართება.
“მოთხოვნის ფორმები გადავა შემდეგ ეტაპზე: დაიწყება სადღეღამისო აქციები ალტერნატიული უჩიპო პირადობის მოწმობების დაშვებასთან დაკავშირებით. ერთმანეთის ყურებით უკიდურეს მდგომარეობამდე მივედით – ყველამ ჩვენი წილი ჯვარი ავიღოთ და მტკიცედ დავდგეთ ჩვენი და ჩვენი მომავლის გადასარჩენად. გიწვევთ ყველას – ვინც მომხრე ხართ ალტერნატიული საბუთების, მიუხედავად იმისა, აღებული გაქვთ ID ბარათი თუ არა; ვინც ვერ იღებთ მონაწილეობას და პროტესტს უცხადებთ არჩევნებს; ვისაც ჯერ გაქვთ ძველი პირადობები, მაგრამ ხვალ იგივე ხვედრის გაზიარება გელით – სანამ კიდევ დროა, მობრძანდით ყველა”, – ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციის განცხადებაში.
“ქორთიარდ მარიოტში” მიმდინარე შეხვედრაზე, რომელსაც დეკანოზი დავით დათუაშვილიც ესწრება, მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება არჩევნების წინ საპროტესტო აქციების ღონისძიების საკითხზე. ნანობაშვილის განცხადებით, აქციები მრავალდღიანი იქნება.
