ახალი ამბები

მთავრობა ინგლისურენოვან საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის

23 ოქტომბერი, 2013 • • 1010
მთავრობა ინგლისურენოვან საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავრობის კანცელარიის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში, დავით მაღრაძემ განუცხადა.

 

“ეს არ იქნება სააგენტო, ეს იქნება საინფორმაციო ინგლისურენოვანი ვებ–გვერდი. მთავრობის ვებ–საიტზე არის ინგლისური ნაწილი, თუმცა იქ მხოლოდ ოფიციალური ინფორმაცია მიდის, აქ კი იქნება მიმდინარე ახალი ამბები, ვინ რას აკეთებს, როგორ აკეთებს, სამინისტროები და ა.შ. ეს იქნება ოფიციალური ვებ–გვერდი, ჯერჯერობით, მხოლოდ ინგლისურ ენაზე”, – აცხადებს დავით მაღრაძე.

მისივე თქმით, საიტის მიზანი იმ დაინტერესებული პირების ინფორმირება იქნება, ვისაც საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება ინგლისურ ენაზე სურს:

“ამაზე ფიქრი, რომ ასეთი საიტი საჭირო იყო, დიდი ხანია მიმდინარეობს, ჩვენ მოგვდის ჩვენი მეგობრების მხრიდანაც და სხვების მხრიდანაც საყვედურები, ფაქტობრივად, ინგლისურენოვანი დაინტერესებული პირები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ერთი–ორი ინგლისურენოვანი საიტია სულ საქართველოში და იქაც ძალიან მწირი რაოდენობით იდება მასალები, ამიტომ იდეა დიდი ხანია არსებობს”, – აცხადებს მაღრაძე.

 

მისი თქმით, საიტი დაახლოებით ორ კვირაში ჩაეშვება. საინფორმაციო ვებ–გვერდს 5–6 ჟურნალისტი ეყოლება, ხოლო რედაქტორი, სავარაუდოდ, ნატა ამაღლობელი იქნება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი