ახალი ამბები

პარლამენტარებს თამბაქოს იმპორტზე ნულოვანი განაკვეთის ამოქმედება სურთ

23 ოქტომბერი, 2013 • • 1176
პარლამენტარებს თამბაქოს იმპორტზე ნულოვანი განაკვეთის ამოქმედება სურთ

პარლამენტარებმა უკვე მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესაბამის ცვლილებებს გულისხმობს. პროექტი საკანონმდებლო ორგანოში 2013 წლის 10 ოქტომბერს შევიდა. 

 

კანონპროექტის მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 199–ე მუხლის ი ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც თამბაქოს ნედლეულის და ნაწარმის იმპორტი გათავისუფლებული იქნება იმპორტის გადასახადისაგან 2015 წლის 1 იანვრამდე.  

თამბაქო
თამბაქო

 

აღნიშნული ცვლილება მოახდენს გავლენას ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე, თუმცა, რა რაოდენობით მოხდება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილება, პროგნოზი არ კეთდება. 

 

12- პროცენტიანი იმპორტის გადასახადი თამბაქოს ნაწარმზე 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა, მანამდე თამბაქოს ნაწარმი ამ გადასახადისაგან გათავისუფლებული იყო. საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმს 12-პროცენტიანი იმპორტის გადასახადი 2006 წელს დაუწესდა, თუმცა შემდეგ ამ გადასახადზე მორატორიუმი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოცხადდა, რასაც პარალამენტმა მხარი დაუჭირა.

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2013 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებულმა იმპორტის გადასახადმა ევროკავშირის ქვეყნებიდან თამბაქოს ნაწარმის იმპორტი შეამცირა: 

 

“ევროკავშირის ქვეყნებიდან 2013 წლის ივლისში, წინა წლის ივლისთან შედარებით, თამბაქოს ნაწარმის იმპორტი 71 პროცენტით შემცირდა ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან. ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და საფრანგეთიდან იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა. ამავე პერიოდში 79 პროცენტით შემცირდა თამბაქოს იმპორტი რუსეთის ფედერაციდან და მისმა ხვედრითმა წილმა 1,2 პროცენტი შეადგინა. 2013 წლის ივლისში გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის იმპორტი უკრაინიდან და მთლიან იმპორტში მისი წილი 16,7 პროცენტით გაიზარდა და 87,1 პროცენტით განისაზღვრა.”

 

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ თამბაქოს ნაწარმზე იმპორტის 12- პროცენტიანი განაკვეთის ამოქმედებას ევროკომისია გამოეხმაურა და განაკვეთის შეჩერება ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედებამდე ითხოვა. ანალოგიური თხოვნა აქვს BULGARTABAC–ს და ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებს, რადგან იმ ქვეყნის იმპორტიორები, რომლებიც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში ახორციელებენ საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტს, უპირატეს მდგომარეობაში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი