ახალი ამბები

ტრეფიკინგთან ბრძოლის ექვსი თვე

23 ოქტომბერი, 2013 • • 2397
ტრეფიკინგთან ბრძოლის ექვსი თვე

„არსებობს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს იუსტიციის მინისტრი. ეს კომისია აქტიურად მუშაობს. ამ წლის მარტში დამტკიცდა სამოქმედო გეგმა და დღევანდელ შეხვედრაზე წარმოვადგინეთ  6-თვიანი მუშაობის შედეგები და ანგარიში. უწყებათაშორისი კომისიის წევრები არიან სხვადასხვა უწყებები და მისი საქმიანობა 4 კომპონენტს მოიცავს, ესენია: პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, სისხლის სამართლის დევნა და პარტნიორობა. ჩვენ შევაჯამეთ საქმიანობა, ასევე ვისაუბრეთ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე. პროგრესი ნამდვილად არის ამ 6 თვის განმავლობაში. მათ შორის ისეთ კომპონენტში, როგორიც არის სისხლის სამართლის დევნაში. უფრო ინტენსიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა. იუსტიციის სამინისტროს მიდგომა ამ საკითხებისადმი არის ერთი და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაზეც ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ,“ – ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე.

 

იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა ძამაშვილი ამბობს, რომ სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი მოამზადა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით გამარტივდება:

 

„აქ საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც არის ტრეფიკინგის მუხლი. დაგეგმილია ცვლილების განხორციელება, ამ მუხლის შენიშვნაში, სადაც განმარტებული არის, თუ რას გულისხმობს ექსპლუატაცია, რომელიც არის აუცილებელი ელემენტი იმისათვის, რომ ტრეფიკინგის კვალიფიკაცია მოხდეს.“

 

ძამაშილმა შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლის თანახმად, 2013 წლის აპრილიდან დღემდე, წინა წელთან შედარებით, ტრეფიკინგის საქმეზე გამოძიება 15%–ით გაიზარდა, სისხლის სამართლის დევნის მაჩვენებელი 100%–ით, ხოლო განაჩენის გამოტანის მაჩვენებელი – ასევე 100%–ით:

 

„ამჟამად გამოძიება დაწყებულია 8 საქმეზე. 4 შემთხვევაში განხორციელდა სისხლის სამართლის დევნა და უკვე დადგა განაჩენი 2 შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს პროცენტებში უკეთ გამოისახება.“

 

კითხვაზე, როცა ადამიანი ამბობს, რომ ის ტრეფიკინგის მსხვერპლია, როცა კონკრეტულ საქმეზე სახეზეა ტრეფიკინგის ნიშნები, რატომ ხდება საქმის სხვა მუხლით კვალიფიცირება, ძამაშვილი პასუხობს:

 

„ეს შეხვედრაზეც არაერთხელ გაჟღერდა. დანაშაული კომპლექსურია და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ამ მუხლით კვალიფიცირება ძალიან რთულია, იმდენად, რამდენადაც უნდა არსებობდეს მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებს იმას,  რომ სახეზე არის ტრეფიკინგი. შესაბამისად, ამ საკანონმდებლო ცვლილებების იდეაც და მიზანიც არის ის, რომ კიდევ უფრო მარტივად აღსაქმელი გახდეს მუხლი, იმისათვის რომ თუნდაც საგამოძიებო ორგანოებს გაუმარტივდეთ ამ მუხლით კვალიფიკაცია, რომ არ მოხდეს შემდეგ გამოძიების სხვა მუხლით წარმართვა და გადაკვალიფიცირება.”

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”-ს [CiDA] პრეზიდენტი ზვიად დევდარიანი მიიჩნევს, რომ კომისიის არსებობა მნიშვნელოვანია და ის ხაზს უსვამს იმას, რომ სახელმწიფოსთვის ტრეფიკინგის თემა პრიორიტეტულია. მისივე თქმით, სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია:

 

„კომისიის ეს ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთად განვიხილოთ, რა ვითარება გვაქვს ახლა და მოვნიშნოთ ის პრობლემური თემები, რომლებზეც უნდა ვიმუშაოთ. ეს სამოქმედო გეგმა იძლევა იმის საშუალებას, რომ მიმდინარე პროგრესი შევაფასოთ. შეხვერდაზე რაც ითქვა და რა სტატისტიკაც იყო წარმოდგენილი, არის თითო- ოროლა ციფრზე წინსვლის კუთხით საუბარი, თუმცა ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ სრულიად ნულიდან დაწყებული თემაა და დღეს ვხედავთ, რომ გარკვეული ძვრა ამ კუთხით არის.“

 

მისივე მოსაზრებით, მთავარი არა სისხლის სამართალია, არამედ პრევენციული ხასიათის აქტივობებია:

 

„თუმცა სისხლის სამართლებრივი თემების გარდა, ასევე ნიშვნელოვანი არის ის, რომ უფრო მეტი იყოს ინფორმირება სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფების, მეტი იყოს განათლება განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებმაც ტრეფიკინგის თემაზე უნდა იმუშაონ. გარკვეული ძვრები არის, თუმცა, როდესაც სრული ანგარიში გვექნება, მაშინ შეგვეძლება დეტალურად ვიმსჯელოთ, რამდენად ხელშესახებია ეს პროგრესი.“

 

რამდენიმე თვის წინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა მსოფლიო მასშტაბით ტრეფიკინგის შესახებ. საქართველომ 2012 წლის შესახებ ანგარიშის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით პოზიცია გაიუარესა და პირველიდან მეორე კალათაში გადაინაცვლა. აღნიშნული გაუარესების საპასუხოდ მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთიფანიძე ამბობს, რომ საქმე წინა პერიოდიდან გამოყოლილ საქმეებთან გვაქვს:

 

„მანდ იყო კრიტიკული საკითხი გამოძიებების კუთხით. როდესაც ახალი ციკლი დაიწყო, უკვე წინა პერიოდიდან გამოყვა ეს შემცირებული გამოძიებების საკითხი. ფაქტობრივად, ეს იყო მოცემულობა, მერე ანგარიშგების დრო დადგა და გამოქვეყნდა. პირიქით, ახლა როგორც ნახეთ, დინამიკა არის პოზიტიური, სისხლის სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით გაიზარდა მონაცემები. არა მარტო სისხლის სამართლის კუთხით, ყველა მიმართულებით გაიზარდა მონაცემი, მათ შორის საერთაშორისო თნამშრომლობის, თუგინდ ექსტრადირება მანამდე იყო ნული, ახლა იმ ადამიანების ექსტრადირება, ვინც ტრეფიკინგის დანაშაული ჩაიდინა, უკვე ორი იქნება. ყველა მიმართულებით არის პოზიტიური ზრდა და, შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს აისახება ანგარიშში.”

 

კითხვაზე, თუ რამდენად ასრულებს საქართველო აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებს, ლორთქიფანიძე პასუხობს:

 

„იმ რეკომენდაციებზე პასუხი არის ის სტატისტიკა და ის დინამიკა, რაც წარმოვადგინეთ შეხვედრაზე.“

 

რაც შეეხება თვითონ ანგარიშს, როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სხვადასხვა უწყებებში ინფორმაციის დამუშავება მიმდინარეობს, ამის შემდეგ სამინისტრო ამ ინფორმაციებს თავს მოუყრის და დოკუმენტის სახეს მისცემს, ეს კი დაახლოებით 2 კვირაში მოხდება.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციები:

 

გამოყენებული იქნას უფრო ეფექტური, პროაქტიული მეთოდები ტრეფიკინგის პოტენციურ მსხვერპლთა აღმოჩენისა და იდენტიფიცირებისთვის მოწყვლად ჯგუფებს შორის; ტრეფიკინგის კუთხით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯის კუთხით გაიზარდოს ძალისხმევა, მათ შორის მოხდეს იძულების არა-ფიზიკური ფორმების, იძულებითი შრომის და სექსუალური ტრეფიკინგის შეფასება და დასჯა; არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლებიც არიან პარტნიორები მსხვერპლთა მომსახურებისა და მათი რეინტეგრაციის საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ პოტენციურ მსხვერპლთა დახმარების ფინანსური რესურსი, მანამ, სანამ ისინი მიიღებენ კანონის შესაბამისად მსხვეპრლის სტატუსს და შესაბამის დახმარებას; ამუშავდეს შრომის ინსპექტორის ინსტიტუტი საქართველოში, რათა მოხდეს დასაქმებულთა პროაქტიული დახმარება, როგორც კონტრაქტების, ისე დოკუმენტების გარეშე დასაქმებული უცხოელი მიგრანტების, რომლებიც არიან რისკჯგუფები ტრეფიკინგის კუთხით; ბავშვები, რომლებიც იძულებით არიან ჩართულნი კრიმინალურ საქმიანობასა და სექსუალურ ექსპლოატაციაში, არ უნდა დაისაჯონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები, რადგან ეს შეიძლება იყოს ტრეფიკინგის შედეგად გაწეული ქმედება მათი მხრიდან; მოხდეს პროსტიტუციაში ჩართული ბავშვების ცნობა ტრეფიკინგის მსხვერპლებად; მიეცეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს იმის შესაძლებლობა, რომ სისტემატურად ხდებოდეს ტრეფიკინგის ინდიკატორების შემოწმება დეპორტირებული და დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე; დაენიშნოს მსხვერპლ-მოწმეს ადვოკატი, რათა უზრუნვეყოფილი იყოს როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნებიდან მსხვერლპთა უფლებების ლეგალური დაცვა; გაგრძელდეს სამთავრობო უწყებებისა და საზოგადოების ტრეფიკინგის შესახებ, საკანონმდებლო საკითხების, მსხვერპლთა დახმარების სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება მიზნობრივი ჯგუფებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი