“გუშინ, დღის პირველ ნახევარში, სადღაც 13:00 საათისთვის, ის იყო რესტორან “პურის სახლში”, იყო ხუთ თანმხლებ პირთან ერთად, აქედან, თუ სწორად მახსოვს, ორი იყო ქართველი და დანარჩენები იყვნენ უცხოელები”, – აცხადებს ნუცა მალაშხია. მისივე თქმით, ჟერარ დეპარდიემ და მისმა თანმხლებმა პირებმა რესტორანში დაახლოებით საათნახევარი დაჰყვეს.
ჟერარ დეპარდიემ საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონი 1 ივლისს დაარღვია და აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით შევიდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის კოდექის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დანაშაულია, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესვლა, ასევე, იქ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. თუ მსგავსი ინფორმაცია აქვთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, ისინი ვალდებულნი არიან დაიწყონ ძიება იმ პირთა მიმართ, ვინც სისხლის სამართლის კოდექსი დაარღვია.
კოჟორიძე აცხადებს, რომ მედიაში გამოქვეყნებული ფოტო–ვიდეო მასალა, რომელზეც ასახულია, რომ დეპარდიე აფხაზეთში იმყოფებოდა, საკმარისი საფუძველია გამოძიების დასაწყებად. მისივე განამრტებით, თუ არსებობს საფრთხე, რომ პირი ქვეყანას დატოვებს, მისი დაკავებაც შეიძლება: „თუ გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ პირი, რომლის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები უნდა განხორციელდეს, მიიმალება, გამოძიება ვეღარ განხორციელდება, ასეთ შემთხვევაში დაკავებაც შეიძლება მოხდეს.“
შინაგან საქმეთა სამინსიტროში აცხადებენ, რომ ჟერარ დეპარდიეს არ ჰქონდა პასპორტში შტამპი, რითაც დადასტურდებოდა, რომ ის აფხაზეთში იმყოფებოდა:
“ჟერარ დეპარდიეს პასპორტში არ ჰქონდა შტამპი, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა მისი შეჩერების უფლება, რადგან უნდა არსებობდეს იურიდიული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც პირს შეაჩერებ”, – აცხადებენ შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. მათივე თქმით, ის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა და ჟერარ დეპარდიეს აფხაზეთში ყოფნას ადასტურებს, საკმარისი არ არის.
ჟერარ დეპარდიეს სტუმრობას დღეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დეპარდიე არის ადამიანი, რომელთან მიმართებაშიც ხელისუფლებამ არ უნდა იჩქაროს:
“ამ მდგომარეობას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ის ადამიანი, რომელთან მიმართებაშიც საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებები მიიღოს, ამიტომ ფაქტს შევისწავლით და, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შესაბამის რეაგირებასაც გააკეთებს. კანონი, რა თქმა უნდა, ყველასათვის ერთია”, – განაცხადა წულუკიანმა.
ჟერარ დეპარდიეს საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გუშინ გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა, რადგან ტრანზიტით ბაქოში მიფრინავდა.