ახალი ამბებისამართალი

პროკურატურა ბრალდებულისა და ადვოკატის საუბარს ფარულად იწერდა – ომბუდსმენის ანგარიში

2 აპრილი, 2018 • 2004
პროკურატურა ბრალდებულისა და ადვოკატის საუბარს ფარულად იწერდა – ომბუდსმენის ანგარიში

ომბუდსმენის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარი არის საქმეზე, როდესაც პროკურატურა  ბრალდებულისა და ადვოკატის სატელეფონო საუბარს ერთი თვის განმავლობაში იწერდა, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

“კანონისმიერი ვალდებულებების შესრულებაზე ჯეროვანი კონტროლის აუცილებლობას ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმე, საიდანაც გამოიკვეთა, რომ პროკურატურა ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა ბრალდებულსა და მის ადვოკატს შორის მიმდინარე სატელეფონო საუბრის ფარულ მოსმენასა და ჩაწერას, რაც საერთაშორისო კანონმდებლობით დაცული დაცვის უფლების უხეში დარღვევაა. მეტიც, საპროცესო კოდექსი არაერთხელ იმეორებს ბრალდებულის ადვოკატთან ურთიერთობის აბსოლუტური კონფიდენციალობის შესახებ, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების კონტექსტშიც,”- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ამის შემდეგ, ანგარიშის მიხედვით, ადვოკატმა იჩივლა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მისი არგუმენტაცია არ გაიზიარა:

“განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ადვოკატის მიერ შეტანილი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. სასამართლომ მიმოიხილა ნორმატიული მასალა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ევალება ადვოკატთან კონფიდენციალური ურთიერთობის პატივისცემა, თუმცა არ დააკმაყოფილა საჩივარი. მოსამართლის აზრით, გამოძიებისთვის ზედმეტ სირთულეს შექმნიდა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული სატელეფონო ნომრებისთვის მოსმენა.

აღნიშნული მსჯელობით მოსამართლემ არ გაითვალისწინა, რომ გამოძიებისთვის ცნობილი იყო ადვოკატის ტელეფონის ნომერი. ასეც რომ არა, ადვოკატის იდენტიფიცირებისთანავე მოსმენა უნდა შეწყვეტილიყო, რაც არ მომხდარა,”- ვკითხულობთ ომბუდსმენის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში პრობლემურ საკითხად არის დასახელებული ის, რომ მთავარი პროკურატურა ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტატისტიკურ აღრიცხვას არ აწარმოებს, ამის გარეშე კი შეუძლებელია საუბარი იმის შესახებ, სრულდება თუ არა ვალდებულებები, როგორიცაა ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტისთვის მიწოდება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის განადგურება, საგამოძიებო მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა და სხვა მოთხოვნები.

სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, საერთო სასამართლოებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ 2017 წელს განხილული 6147 შუამდგომლობიდან მხოლოდ 132 არ დააკმაყოფილეს. მათგან, სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას 548 შუამდგომლობა ეხებოდა, საიდანაც 499 სრულად, ხოლო 21 – ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი