წინასაარჩევნო პერიოდის მედია–მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, სლოვაკური მედიამონიტორინგის ორგანიზაცია memo 98–თან ერთად, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისში წარმოადგინა. პროექტი ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მეორე შუალედური ანგარიში 2013 წლის 16 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს ეხება, მონიტორინგის ფარგლებში 6 ტელევიზიის გადაცემებზე დაკვირვება პრაიმ–ტაიმში ხდებოდა.
მონიტორინგის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი ძირითადად მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს აშუქებს, უმეტესად -ნეიტრალურად. რასტო კუზელმა ანგარიშის წარდგენისას საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა დადებითად შეაფასა:
“არხი აშუქებს ორი წამყვანი პარტიის- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” აქტივობებს, ბაქრაძეს შედარებით დიდი დრო ეთმობა, ვიდრე მარგველაშვილს, ასევე საკმაო დრო ეთმობა ნინო ბურჯანაძესაც, თუმცა ეს არის მხოლოდ ნიუსების გაშუქება. მიუხედავად მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ არხი მაინც ინარჩუნებს ბალანსს და შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კარგად იმუშავა”, – განაცხადა რასტო კუზელმა.
რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ს, ანგარიშის თანახმად, არხზე იგრძნობა დადებითი ფონი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და პრეზიდენტთან მიმართებაში:
“ბოლო პერიოდში გაიზარდა პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციის გაშუქება, თუმცა არა მხოლოდ რუსთავი 2–ზე. ალბათ ეს უკავშირდება გაეროში მის სიტყვით გამოსვლას, ასევე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. თუ შევადარებთ ორ წამყვან კანდიდატს, ბაქრაძეს და მარგველაშვილს, მათ ფაქტიურად ერთი და იგივე დრო ეთმობათ, მაგრამ თუ შევხედავთ ტონს, ბაქრაძე გაცილებით უფრო დადებითადაა გაშუქებული”, – აცხადებს რასტო კუზელი.
ანგარიშის თანახმად, საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებით, რადგან არხი ყველა საკითხს და ყველა სუბიექტის შესახებ ინფორმაციას დადებით კონტექტსში აშუქებს.
კვლევის მიხედვით მეტნაკლებად დაბალანსებულად აშუქებს წინასაარჩევნო პერიოდს ტელეკომპანია “მაესტროც”, თუმცა დროის თვალსაზრისით არხზე მეტი დრო ეთმობა გიორგი მარგველაშვილს, ვიდრე დავით ბაქრაძეს.
როგორც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე გიორგი მგელაძე ამბობს,“მაესტრო” ზოგიერთ

საკითხზე მხოლოდ მარგველაშვილის მოსაზრებას სთავაზობს მაყურებელს, რაც “ქართული ოცნების” კანდიდატს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს:
“მის კომენტარებს გვთავაზობენ იმ საკითხებზე, რაზეც სხვების კომენტარები არ შემოუთავაზებიათ. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებზე, საზღვრისპირა კონფლიქტზე, ეს არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა კანდიდატებს, რადგან მათთვის ამის შესახებ აზრი არ უკითხავთ”, – აცხადებს მგელაძე.
კვლევამ აჩვენა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით ტელეკომპანია “კავკასიამ” უფრო მეტი დრო დაუთმო ნინო ბურჯანაძეს, ვიდრე სხვა კანდიდატებს. თუმცა ბურჯანაძისთვის დათმობილი დრო სავარაუდოდ იმიტომ გაიზარდა, რომ ის გადაცემა “არჩევანის” სტუმარი იყო. კვლევის თანახმად ბურჯანაძე ძირითადად დადებით ტონში იყო მოხსენიებული.
კვლევის ავტორთა განცხადებით, განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება “აჭარის ტელევიზიის” მხრიდან, თუკი მონიტორინგის პირველ პერიოდში ტელეკომპანია მთავრობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებას ეთერის 70%–ს უთმობდა, ახლა ეს რიცხვი 30%–მდეა შემცირებული.
დღეს გიორგი მგელაძემ ტელევიზიების მიერ ეთიკის ნორმების დარღვევაზე, ასევე, სიძულვილის ენის გამოყენებისა და მიკერძოებულობაზე ისაუბრა, თუმცა განაცხადა, რომ ამას ტენდენციის სახე არ ჰქონია.
მგელაძის განცხადებით, მონიტორებმა დააფიქსირეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ცალმხრივად გაშუქდა დვანში მიმდინარე მოვლენები:
“მაყურებელმა ვერ მიიღო სრული ინფორმაცია იმ სამი ოჯახის შესახებ, რომლებიც მავთულხლართების მიღმა აღმოჩნდნენ, ამ ადამიანებს წინა ხელისუფლების პერიოდში ჰქონდათ აღებული კომპენსაცია, ასევე მიიღეს ალტერნატიული ფართი, ამის შესახებ მაუწყებელზე არაფერი თქმულა”, – აცხადებს მგელაძე. მისივე თქმით, არაეთიკურად გაშუქდა 16 წლის პატიმრის, გიორგი ძველაიას გარდაცვალების ფაქტი. სიუჟეტი იწყებოდა გვამის ფოტოთი, რომელიც ახლო ხედით იყო ნაჩვენები მაშინ, როდესაც ამ ფოტოს ჩვენების აუცილებლობა არ არსებობდა.
რაც შეეხება ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ს, დაუბალანსებლად გაშუქდა ლენტეხში, დარიშხანის საცავის პრობლემა. კვლევის თანახმად სიუჟეტი მხოლოდ სამი ადგილობრივი მცხოვრების მონათხრობს ეფუძნებოდა და არ ყოფილა წარმოდგენილი მეორე მხარე. მგელაძის განცახდებით, მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც ჟურნალისტმა გამოიყენა, სიტუაციის დრამატიზება და მოვლენის ეკოლოგიურ კატასტროფად შეფასება არ უნდა მომხდარიყო.
ამავე არხზე გავიდა უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, და ყოფილი შინაგან საქმეთა მინსიტრის, ვანო მერაბიშვილის კომენტარები, რომლის თაობაზეც მეორე მხარის პოზიცია არხზე არ უჩვენებიათ.
რაც შეეხება ტელეკომპანია “კავკასიას”, მონიტორინგმა აჩვენა, რომ არხზე ხშირია შეუსაბამო ლექსიკის გამოყენება წამყვანების მხრიდან, ასევე დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც ინფორმაცია ცალმხრივად გაშუქდა, მაგალითად, არხზე კობა დავითაშვილმა მძიმე ბრალდებები წაუყენა კოალიციის ლიდერს დავით საგანელიძეს, თუმცა საგანელიძის პოზიცია არ დაფიქსირებიათ.
კვლევის თანახმად, თოქ–შოუებში სიძულვილის ენის გამოყენება, ან რომელიმე მხარის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება მხოლოდ “კავკასიის” ეთერში, გადაცემა “სპექტრში”, დაფიქსირდა, რომლის წამყვანი დავით აქუბარდიაც არ მალავს ანტიპათიას წინა ხელისუფლების, ხოლო სიმპათიას ახალი მთავრობის მიმართ.
კვლევის ავტორები ტელეკომპანიებს რეკომენდაციას აძლევენ, უფრო მეტი ყურადღება საპრეზიდენტო კანდიდატების საარჩევნო პროგრამის გაშუქებას და სიღრმისეულ ანალიზს დაუთმონ.







