სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში 53 293 ბავშვი დაიბადა. აქედან 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო. აღნიშნული 5.8%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.
საქსტატის თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი ბავშვი თბილისში დაიბადა. 2017 წელს დედაქალაქში 14 906 ბავშვი დაიბადა. შობადობის მხრივ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში იყო, სადაც 341 ბავშვი დაიბადა.
2017 წელს გარდაცვლილთა რიცხვი, 2016 წელთან შედარებით, 5.8%-ით შემცირდა. გასულ წელს საქართველოში 47 822 ადამიანი გარდაიცვალა. დაბადების შემთხვევის მსგავსად, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა(11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).
2017 წელს რეგისტრირებული ქორწინების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 5.6%-ით შემცირდა. გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინების 23 684 შემთხვევა დაფიქსირდა. საქსტატის თანახმად, 2017 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27.4, ხოლო კაცებისთვის 30.2 წელი იყო.
რაც შეეხება განქორწინებების რაოდენობას, 2017 წელს ამ მიმართულებით საქართველოში ზრდა დაფიქსირდა. რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 10 222 შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.2 %-ით მეტია.