ვენესუელაში ხანძარს 68 ადამიანი ემსხვერპლა

ვენესუელაში, ქალაქ ვალენსიის პოლიციის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 68 ადამიანი ემსხვერპლა. არაოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა უფრო მეტიც იყოს.

BBC-ის ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობას პოლიციის დაკავების იზოლატორში განთავსებული პირები წარმოადგენენ. ეკონომიკური კრიზისის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების მორღვევისა და კორუფციის გამო პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორები არაოფიციალურ საპატიმროებად გამოიყენება. ასეთ იზოლატორებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 45 ათასამდე ადამიანია მოთავსებული. პრობლემებს ქმნის ისიც, რომ დაწესებულებები გადავსებულია – იქ, სადაც 30 ან 40 კაცის ადგილია, ხშირად,~ ასეულობით პატიმარია მოთავსებული. როგორც წესი, ეს იზოლატორები ხანგრძლივი პატიმრობისთვის არ არის გათვალისწინებული.

ერთ-ერთ მსგავს დაწესებულებაში ხანძრის დაწყებას წინ არეულობა უძღოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ერთმა დაკავებულმა პოლიციის ოფიცერი დაჭრა, რის შემდეგაც პატიმრებმა პროტესტის ნიშნად მატრასებს ცეცხლი მოუკიდეს, ხანძარი კი მთელ შენობაში გავრცელდა. დაღუპულთა შორის არის რამდენიმე ქალი, რომლებიც პატიმარი ახლობლის სანახავად იყვნენ მისული.

ვენესუელის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, თუმცა პატიმართა განრისხებული ახლობლები მათგან მეტ ქმედით ნაბიჯს, პირველ რიგში კი, ინფორმაციას ითხოვენ. პატიმართა ახლობლებმა არ იციან, ვინ გადაურჩა ხანძარს და ვინ დაიღუპა. ინფორმაციის მოთხოვნით მათ პოლიციის შენობასთან აქციაც გამართეს, რაც შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზიც.

ბოლო რამდენიმე წელია ვენესუელა ღრმა კრიზისში იმყოფება. უკიდურესი სიღარიბე, კორუფცია, საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტი კი ვენესუელის მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.